„აშშ-ის მოკავშირეები – G-7-ის წევრები – ვაშინგტონის გეგმებს ეწინააღმდეგებიან” – ფაინენშელ თაიმსი

85
spot_img

„ევროკავშირი და იაპონია ეწინააღმდეგება აშშ-ის ინიციატივას, რომლის მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთში ყველა ტიპის ექსპორტი ეკრძალებათ“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ-ის მოკავშირეები – G-7-ის წევრები – ვაშინგტონის გეგმებს ეწინააღმდეგებიან რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის შესახებ“ (ავტორები – ჰენრი ფოი, კანა იგანაკი და დემეტრი სევასტოპულო).

Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მომავალ თვეში,  ჰიროშიმაში შეხვედრის წინ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები, აშშ-ის ინიციატივით, მუშაობენ განცხადების მომზადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სექტორული სანქციების სისტემა ექსპორტის სრული (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) აკრძალვით ჩანაცვლდება. გამონაკლისი შეეხება სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და ზოგიერთ სხვა პროდუქციას.

თუმცა, Financial Times-ის სხვა წყაროების ცნობით, გასულ კვირას გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იაპონიის და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-ის ინიციატივის საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. „ჩვენი გადმოსახედიდან, ეს უბრალოდ შეუძლებელია”, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის ინიციატივა ექსპორტის აკრძალვის შესახებ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისედაც გაჭიანურებული დებატების განახლებას, რომლებიც ეხება, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტს და უკვე მიღებული ზომების პოტენციურად შესუსტებას.

თეთრი სახლის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ გამოცემა Financial Times-თან „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გზების ძიებას“.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ანტირუსული სანქციებისა და ემბარგოს გაგრძელების საკითხში შექმნილი უთანხმოება ადასტურებს იმას, რომ „დიდი შვიდეულის ქვეყნებს“ მოსკოვთან მიმართებით სხვა დამატებითი სამოქმედო ვარიანტები აღარ აქვთ, ანუ, რაც ასაკრძალავი იყო, ის უკვე აიკრძალა. ახლა უფრო მეტად ყურადღება უნდა მიექცეს ადრე გამოცხადებული სანქციების აღსრულებას და მათ გაკონტროლებას.

როგორც ცნობილია, რუსეთი ცდილობს მესამე ქვეყნების მეშვეობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები დასავლურ პროდუქციაზე – მაგალითად, თურქეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს 19 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში უნდა შეხვდნენ, სამდღიან სამიტზე, რომლის დროსაც უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული შედეგები უნდა განიხილონ, აგრეთვე ეკონომიკური უსაფრთხოების, „მწვანე ინვესტიციებისა“ და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხები.

ევროკავშირი, რომელიც აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან და კანადასთან ერთად, „დიდი შვიდეულის“ წევრია, ითხოვს, რომ მისმა ყველა 27 წევრმა ანტირუსული სანქციების საკითხები ერთმანეთთან შეათანახმონ.

წყარო