ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.
წამყვანის კითხვაზე – თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი მზად არის პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს სანქციების შესახებ. თქვენ ასევე მოუწოდებთ ევროპას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ინიციატივას მეორადი სანქციების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. რას ელით ამ საუბრისგან და რას ეტყოდით ევროპელ ლიდერებს ამ საკითხზე? – აშშ-ის ხაზინის მდივანმა უპასუხა:
პრეზიდენტ ტრამპს აქვს მოლაპარაკების სტრატეგია – ბოლო რამდენიმე კვირისა და დღის განმავლობაში, მან ბევრი ნაბიჯი გადადგა ამისთვის. ასე რომ, ის [ამ დიალოგში] შევა ძალიან ძლიერი პოზიციით. მინდა ვთქვა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ. ისინი კვლავ ამბობენ: ო, ამერიკამ უნდა გააკეთოს ეს, ამერიკამ უნდა გააკეთოს ის. პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთს დაუწესა მეორადი სანქციები ან მეორადი ტარიფები რუსული ნავთობის მოხმარების გამო, ხოლო ევროპელებს ჯერ ეს არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ევროპელები ყიდულობენ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც ინდოელები აწარმოებენ. ამიტომ, საჭიროა კოორდინაცია. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ერთიანი ფრონტი, რაც პრეზიდენტ ტრამპს მისცემს მაქსიმალურ ბერკეტს, მაშინ ვფიქრობ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი წილი უნდა შეასრულონ.