აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავალებს თავის იურისტებს, სასწრაფოდ შეისწავლონ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებიც სამშაბათს უნდა გასაჯაროვდეს -“როიტერი”

16
spot_img

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავალებს თავის იურისტებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე მუშაობენ, სასწრაფოდ შეისწავლონ ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებიც სამშაბათს უნდა გასაჯაროვდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მის მიერ ნანახ ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით წერს.

ორშაბათის საღამოს გაგზავნილი ელექტრონული წერილის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების მაღალჩინოსანმა, კრისტოფერ რობინსონმა განაცხადა, რომ დაზვერვის ოფისის ოპერაციების განყოფილებაში მომუშავე თითოეულ იურისტს ევალება 400-დან 500-მდე დოკუმენტის გადახედვა.

რობინსონმა შემოწმების დასრულების ვადად სამშაბათის შუადღე დააწესა. შემოწმება ეხება ჯონ კენედის, ასევე რობერტ კენედის, მარტინ ლუთერ კინგისა და შესაძლოა, სხვა პირების მკვლელობებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს.

იანვარში დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ გამოქვეყნდეს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების 80 ათასამდე გვერდი, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის, სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული სამთავრობო ჩანაწერები.

რობინსონის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა უკვე გადახედეს ამ დოკუმენტების ნაწილს გასაჯაროების ფარგლებში შემოწმებისას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, გასულ კვირას FBI-ს აგენტებს დაავალეს, შეეწყვიტათ მიმდინარე საქმეებზე მუშაობა და შეესწავლათ 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, ლი ჰარვი ოსვალდი დააკავეს. მკვლელობიდან ორ დღეში ოსვალდის ფედერალურ ციხეში გადაყვანის დროს ის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ.

რაც შეეხება ჯონ კენედის უმცროს ძმას, აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სენატორ რობერტ კენედის, 1968 წელს ის კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა 5 ივნისს, ლოს-ანჯელესში, საარჩევნო ღონისძიებაზე იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა, სირჰან სირჰანმა.

1969 წელს სირჰანს მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 1972 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

ტრამპის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რობერტ კენედი, რომელიც მოკლული გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის შვილია, ამტკიცებს, რომ 35-ე პრეზიდენტის მკვლელობასთან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოა დაკავშირებული, რასაც სააგენტო კატეგორიულად უარყოფს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მამამისის მკვლელობაში მონაწილეობდა არა ერთი, არამედ რამდენიმე შეიარაღებული პირი.