აშშ-ის დარტყმებით ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა და მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა – The New York Times

3
spot_img

დასავლურ პრესაში 24 ივნისს გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და, საერთოდ, მისი ადმინისტრაციის ოფიციალურ მტკიცებას, რომ 22 ივნისს განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა. სინამდვილეში საქმე ასე არ არის, ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი მხოლოდ შეჩერდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გაგრძელდება. კერძოდ, ამას წერს როგორც ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times), ასევე ბრიტანული „დეილი ტელეგრაფიც“ (The Daily Telegraph) და რიგი სხვა გამოცემებიც.

გთავაზობთ „დეილი ტელეგრაფის“ მიერ დაბეჭდილ სტატიას სათაურით „აშშ-ის დარტყმებით ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა და მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა“ (ავტორი – კონორ სტრინგერი, მთ.რედაქტორის მოადგილე).

„თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტოს (DIA) მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტისადმი მიყენებულ დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამა არ გაუნადგურებია და მისი მოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა. ურანის გამამდიდრებელი ობიექტები – მიწისქვეშა ქარხნები ფორდო და ნათანზე მაინცდამაინც ძალიან არ დაზიანებულან, როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ.

ასევე, პენტაგონის წინასწარი დასკვნების მიხედვით, ავიადარტყმებამდე ირანმა აღნიშნული მიწისქვეშა ქარხნებიდან გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი წინასწარ გაიტანა და უფრო საიმედო ადგილზე გადამალა.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტომ (DIA) დაადგინა, რომ აფეთქებების შედეგად დაინგრა მხოლოდ სამიზნე ობიექტების შესასვლელები, მთლიანობაში მიწისქვეშა ნაგებობები არ განადგურებულა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელისა და აშშ-ის რამდენიმედღიანი საავიაციო შეტევების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის მოქმედება, რომლისაც ასე ეშინოდათ, მხოლოდ ექვსი თვით გადავადდა.

წინასწარი დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ოპერაცია „შუაღამის დარტყმით“ „მთლიანად განადგურდა“ თეირანის ურანგამამდიდრებელი ობიექტები.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ [პრესაში გაჟონილი] შეფასება „აბსოლუტურად არასწორია“ და რომ ის გამოქვეყნებულია „დაბალი დონის ანონიმური, უხეირო და წარუმატებელი პიროვნებების მიერ“.

„ამ ვითომდა სავარაუდო შეფასებების გაჟონვა არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამცირებისს და იმ მამაცი მფრინავების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია მაღალ დონეზე შეასრულეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-მდივნის ქეროლაინ ლივითის განცხადებაში, – „დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა „სი-ენ-ენმა“ რომელიღაც ანონიმური წარუმატებელი პიროვნებების მეშვეობით, არის აბსოლუტურად არასწორი და მცდარი შეფასება. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ხდება, როცა 13-ტონიან 14 ბომბს აგდებ ზუსტად სამიზნე ობიექტზე: ის სრულიად ნადგურდება“.

როგორც ცნობილია, კვირას, 22 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად, ამერიკის შვიდმა B-2 ბომბდამშენმა, რომლებიც სტელსის ტექნოლოგიით არიან აგებულნი და რადარებისათვის უხილავია, GBU-57 ტიპის 14 ბუნკერსანგრევი ბომბი ჩამოაგდეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, გარდა ამისა, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმაც გაუშვა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, რომელთა მეშვეობით ისპაჰანის ურანგამამდიდრებელი ქარხანა გაანადგურდა. ამერიკელი ერისადმი მიმართვაში დონალდ ტრამპმა ოპერაცია უმაღლეს დონეზე შეაფასა.

ექსპერტებმა უარყვეს მტკიცება, რომ ირანის ქარხნები და გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდა.

ორმა პიროვნებამ, რომლებიც საქმეში ჩახედულები არიან და დაზვერვის ანგარიშს კარგად იცნობენ, ტელეარხ „სი-ენ-ენ“-ს შეატყობინეს, რომ ბირთვული იარაღის მთავარი საკვანძო შემადგენელი ელემენტი – გამდიდრებული ურანი განადგურებული კი არ არის, არამედ ის ირანელმა სამხედროებმა ქარხნებიდან წინასწარ გაიტანეს და სადღაც გადამალეს. „ამრიგად,

DIA-ს შეფასებით, აშშ-ის დაბომბვით ბირთვული პროგრამა კი არ განადგურდა, არამედ მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე თვით გადავადდა, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს ავტოკოლონები, რომლებიც სამ ბირთვულ ობიექტებთან არიან თავმოყრილნი და შემდეგ მათ ტოვებენ, რაც ადასტურებს ირანის განცხადებას, რომ მან ავიადაბომბვის წინ მოასწრო [სხვადასხვა მოწყობილობა-დანადგარებისა და] გამდიდრებული ურანის 400-კილოგრამიანი მარაგის გატანა.

დაზვერვის ანგარიში მოწმობს, რომ ირანი ძველებურად აკონტროლებს მთელ თავის ბირთვულ მასალებს. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში თეირანს შეუძლია საკმაოდ სწრაფად აღადგინოს და გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი… არადა, ჰააგაში, ნატოს სამიტზე მიმავალმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებთან კვლავ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება მისთვის „დიდ პატივს და ღირსებას წარმოადგენს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ