ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპას უჭირთ უკრაინის იმდენად დიდი ოდენობის საბრძოლო მასალით მომარაგება, როგორც ამას რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი კონტრშეტევა მოითხოვს. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
სტატიის მიხედვით, სწორედ ამის გამო, დასავლელი ლიდერები საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად შესაბამის ზომებს იღებენ, რომ თავიდან აიცილონ დეფიციტი, რასაც უკრაინის პროგრესის შეფერხება შეუძლია.
„ოფიციალური პირების თქმით, აშშ „წითელ ხაზს“ უახლოვდება იმ ფონზე, რომ აგრძელებს უკრაინისთვის 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელიც NATO-ს საარტილერიო შეიარაღების სტანდარტებში ჯდება“, – წერს CNN.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გასულ წელს შტატებმა იარაღის წარმოების გაზრდა დაიწყო, როცა ცხადი გახდა, რომ ომი იმაზე დიდხანს გასტანდა, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო, თუმცა, როგორც გამოცემას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განუცხადა, აღნიშნული იარაღი გამოსაყენებლად მზა მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იქნება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სწორედ ამას უკავშირდება უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა.
„აშშ-ში გადაწყვიტეს, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალა გაეგზავნათ, რომ ამით, შეემსუბუქებინათ იარაღის პოტენციური დეფიციტი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კასეტური ბომბები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს საფრთხედ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, უკრაინისთვის მისი გადაცემა განიხილება, როგორც მხოლოდ დროებითი ზომა“, – წერს CNN.
სტატიაში ნათქვამია, რომ შემცირებულია NATO-ს საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგიც.
„ეს ერთგვარ „გამოფხიზლების ზარად“ იქცა, რადგან ალიანსი, შედარებით მშვიდობიანი დეკადების განმავლობაში სათანადოდ არ მოემზადა ევროპაში დროში გაჭიანურებული სახმელეთო ომის შესაძლებლობისთვის“, – განუცხადა წყარომ გამოცემას.
ამასთან, როგორც CNN-თან საუბარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ერთი კვირის წინ აღნიშნავდა, ომის დასაწყისში „სინამდვილეში არავინ უსვამდა საკუთარ თავს კითხვას – რა იქნება, თუ პირველი დღე და პირველი ღამე იქცევა მეორე, მესამე, მეოთხე კვირად? ჩვენი სრულყოფილი შესაძლებლობების რამდენი ხნის მარაგი გვაქვს სინამდვილეში?“.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზებზე სამხედრო მასალის გასაიდუმლოებული მარაგი გააჩნია, თუმცა, ეს საგანგებო რეზერვია, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.