,,აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის ახალი ეტაპი”- ავთანდილ წულაძე

7
spot_img

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის ახალი ეტაპი ორ ზესახელმწიფოს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს. ჩინეთმა დაძაბულობის ახალი რაუნდი დაიწყო ექსპორტის ლიცენზიების შემოღებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთ წარმოებაში ჩინეთიდან შეძენილ იშვიათმიწა ლითონებს იყენებენ. იშვიათმიწა ლითონები ელექტრონიკის წარმოებაში გამოიყენება. ჩინეთი აკონტროლებს იშვიათმიწა ლითონების მოპოვების და გადამუშავების გლობალურ ბაზარს.  სავაჭრო ომში ასეთი ბერკეტის გამოყენება ეკონომიკური ბომბია. გლობალური ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთის მძევლები გახდებიან.

 ტრამპმა საპასუხოდ გამოაცხადა, რომ ჩინეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს და ვერ ხედავს სი ძინპინთან შეხვედრის საჭიროებას, რომელიც იყო მოსალოდნელი.

მიზეზები, რის გამოც სი ძინპინმა კონფლიქტის ესკალაცია გადაწყვიტა, ჩინეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

პირველ, ჩინეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მწვავდება, რასაც მოწმობს სი ძინპინის ავადმყოფობის შესახებ ჭორები. დახურულ პოლიტიკურ სისტემაში ლიდერის ავადმყოფობის შესახებ ჭორები არ შეიძლება იყოს უბრალო დამთხვევა. ისინი წარმოადგენენ ფარულ პოლიტიკურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის მებრძოლ ფრაქციებს შორის. სი ძინპინი გეგმავს ჩინეთის ლიდერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით კენჭისყრას 2027 წელს. კონტრელიტა, რომელსაც ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო ხელმძღვანელობს, ცდილობს შეზღუდოს სი ძინპინის ძალაუფლება და ქვეყნის კურსი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო პრაგმატული ურთიერთობებისკენ შეცვალოს. სი ძინპინი აპირებს თავისი პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებით და მის გარშემო ელიტისა და მოსახლეობის მობილიზებით.

მეორე, ტრამპის წარმატებები სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში საფრთხეს უქმნის ჩინეთის გავლენას ამ რეგიონებში და ხსნის შესაძლებლობებს ამერიკული პროექტებისთვის ჩინეთის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საპირწონედ. ზანგეზურის დერეფანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, „ტრამპის გზა“ ეწოდა. ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აძლიერებს აშშ-ს გავლენას ამ რეგიონში.

მესამე, სი ძინპინი ამწვავებს სავაჭრო ომს შეერთებულ შტატებთან, რათა გააძლიეროს თავისი საერთაშორისო მოკავშირეების ბანაკი. ტრამპის მცდელობებმა, პუტინი თავის მხარეს გადაიბიროს, შეშფოთება გამოიწვია პეკინში. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის გამწვავების გამო, პუტინს ფაქტობრივად ჩამოერთვა ვაშინგტონსა და პეკინს შორის მანევრირების შესაძლებლობა.

სი ძინპინმა ძალიან სარისკო თამაში წამოიწყო. ჩინეთი არანაკლებ არის დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე დასავლეთი ჩინეთზე. ტრამპმა განაცხადა, რომ შეზღუდავს ამერიკული თვითმფრინავების კომპონენტების მიწოდებას ჩინური ავიაკომპანიებისთვის და ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას ჩინეთში. ამ ბრძოლაში ორივე მხარეს აქვს კოზირები.

ჩინეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს სავაჭრო ომში გამარჯვების იმედი აქვს. ჩინელი ექსპერტების აზრით დონალდ ტრამპის ქაოტური საგარეო და საშინაო პოლიტიკა ასუსტებს ამერიკის პოზიციებს მსოფლიოში. ტრამპი სავაჭრო ომებს აწარმოებს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან, არამედ აშშ-ის მოკავშირეებთანაც. ჩინეთის გადმოსახედიდან, ტრამპის ქმედებები ხშირად სპონტანურია და არ გააჩნია კარგად გააზრებული სტრატეგია. სანამ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, ამერიკა გაუაზრებლად მოქმედებს, არათანამიმდევრულია, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ მსოფლიო გათავისუფლებლეს ამერიკული ჰეგემონიისგან. ჩინეთის ეკონომიკაში მზარდი სირთულეებისა და ჩინეთის ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავების გათვალისწინებით, სი ძინპინი აჩქარებს მოვლენებს და ამწვავებს ურთიერთობებს აშშ-სთან.

ავტ: ავთანდილ წულაძე – პოლიტილოგი