არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

12
spot_img

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.