,,არცერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე”- მიხეილ სარჯველაძე

4
spot_img

“არცერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებაზე, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

“სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამავდროულად, იღებს იმაზე, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, დარჩება უცვლელი – იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო, სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დარჩება ეს უცვლელად. მაგრამ, რასაკვირველია, ეს იქნება ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე და არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე.

რაც შეეხება ასეთი ობიექტების დისტანცირებას დასახლებული პუნქტებიდან, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად შეწუხებულია ამ პრობლემით და ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ მიმართულებით ამ დრომდეც იდგმებოდა ნაბიჯი, თუმცა ეს გაცილებით უფრო ინტენსიური გახდება. მე მივიღე კონკრეტული დავალება პრემიერ-მინისტრისგან და, ბუნებრივია, რომ ეს უალტერნატივოდ შესრულდება,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, კერძო სექტორისთვის იკრძალება. ორივე მიმართულებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. ამას გარდა, პროგრამებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან გავა. მთავრობის ინიციატივაზე ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა გამართა. არგუმენტებად დასახელდა მკურნალობაზე ზრუნვა და ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება.