“არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია” – ილჰამ ალიევი

70
spot_img

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ზრდას განაგრძობს თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია. მისი თქმით, აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ალიევმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში ფართოვდება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობები.

„ჩვენ ვაფართოებთ ბაქოს საზღვაო პორტის შესაძლებლობებს 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებელი ქარხანა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზე გადადის“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს შეხვედრა ჯერ ორმხრივ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მოგვიანებით კი, მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი ცენტრალური სამეთაურო პუნქტის გახსნაში.