შუამდგომლობებით ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება და კულუარებში ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია. არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რათა აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული. არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც ელექტრონულად ტრიალებს რამდენიმე დღეა. ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს თუ არ ვცდები – 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს საქართველოს პრეზიდენტად და არა მიხეილ ყაველაშვილი. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება და კულუარებში ასევე, ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ჩვენ აქ ვართ გუშინდელიდან და ისმის ის მოთხოვნაც, რომ შეიძლება იყოს გაჟღერებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. აი, ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები და რასაკვირველია ისმის გარკვეული სურვილები, რომ სხვადასხვა კანონი შეიცვალოს, თუმცა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის.
ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით და გავიმეორებთ, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, არავითარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან… საქართველო და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. ვნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან.
ამ შუამდგომლობებს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის აღძრული, ძირითადად უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები, პოლონელი, ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს. ერთ შემთხვევაში 24, მეორე შემთხვევაში – 28. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ვინაიდან საჭიროა მხოლოდ 30 ხმა და მეტი არა, აღიძვრება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყოს განხილვა თემისა, არის თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია უფლებამოსილი. ჩვენ არ ველოდები იმას, რომ ამ საკითხის განხილვა არ მოხდება, ამ საკითხის განხილვა დაიწყება იმიტომ, რომ ამხელა ასამბლეაში მხოლოდ 30 ხმაა ამისათვის საჭირო, ამიტომ დღეს ეს საკითხი იქნება მთავარი. განიხილება ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი ბრძოლა არგუმენტების რა თქმა უნდა გაიმართება ხვალ და ოთხშაბათს ველოდებით, რომ იქნება კენჭისყრა, სადაც გადაწყდება ჩვენს დელეგაციას, ისე, როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, არ დაუშვებენ „პასეზე“, თუ დაუშვებენ და გააგრძელებს იმ სრულფასოვან წევრობას, რომელიც მან 90-იან წლებში მოიპოვა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, არაერთ შეხვედრას გამართავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.