
არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გამყარდება და გაგრძელდება.
„დავასრულე შეხვედრები. ჩემთვის, პრეზიდენტის რანგში, პირველი სტუმრობა იყო სომხეთის რესპუბლიკაში. მქონდა ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან შეხვედრა, შემდეგ პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან. შევხვდი მის უწმინდესობას. დავათვალიერე სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმიც.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან, ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალზე და მინდა საზოგადოებას, ყველას მივმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება.
როგორც მოგეხსენებათ, მანამდე აზერბაიჯანში ვიმყოფებოდი და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, სადაც ვმონაწილეობთ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემა, რა თქმა უნდა, არის სამშვიდობო პოლიტიკა. იცით ალბათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებულია მოლაპარაკება, ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ხალხების ურთიერთობები, ხაზგასასმელი იყო ის, რომ თითქმის ერთ აზრზე ვართ ყველა ამ ქვეყნის ლიდერები, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შემდეგ ენერგეტიკული თემა, ტურიზმი, კულტურული თემები, ეს ყველაფერი მოსდევს პოლიტიკურ სიმყარეს და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის პოზიტიური.
მიმაჩნია, რომ იქნება წარმატებული იმიტომ, რომ ვხედავ მზაობას ამ ქვეყნის ლიდერების. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში არის ცნობილი, რომ ეს არის მშვიდობის გრძელვადიანი პროცესი, მას ალტერნატივა არ აქვს. რატომ გვინდა მშვიდობა? იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოებები იყვნენ უფრო წარმატებულები. იყოს უფრო მეტი კეთილდღეობა და მეტი გარანტიები თითოეული მოქალაქისთვის.
ეს ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გამყარდება და გაგრძელდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.