არის რისკი, რომ საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად – შალვა პაპუაშვილი

16
spot_img

ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ქცეულია შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ყველზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, არამედ არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, ისინი კი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, – განაცხადა უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისთვის გაგზავნილი წერილის საკითხს.

„ამიტომ, ეს წერილები იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მისდით მითითება. არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს ევროპის სახალხო პარტია, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არის მხარდამჭერი იმ რეჟიმისა, რომელმაც წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დახურვა მოიტანა. გახსოვთ სააკაშვილისთვის შენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე, რაც რა თქმა უნდა სამარცხვინო ქმედება იყო, რომელიც დაცლილი იყო ყველაფრისგან რაც კი შეიძლება ევროპულად წარმოედგინოს ქართველ ხალხს. იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან. თუკი რაიმე ასეთ გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვინაიდან ძირს გამოუთხრის მას, როგორც დიალოგის პლატფორმას და დაანახებს ყველა წვერს, რომ ის შეიძლება პარტიულ ინსტრუმენტად აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით, არაერთ შეხვედრას გამართავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.