არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს -ნინო წილოსანი

8
spot_img

ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ქართველი ხალხის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია.

„ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან. ეს სახელმწიფოები არიან იტალია, ავსტრია, თუ სხვები. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს. საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო მიდგომა წარმოებს. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის და იმ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით დგება, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და სხვას არაფერს აზიანებს, მათ შორის არც ადამიანის უფლებებს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამ ორ პროცესს შორის რაღაც კავშირის დანახვა ქართველი ხალხის მიმართ მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟია. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა? – ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება, მართლაც გული დაწყვიტოს და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა. ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს“, – განაცხადა წილოსანმა.