არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო – გიორგი კახიანი

10
spot_img

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა – ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს , – ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა თუ არა.

კახიანის განცხადებით, მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

“რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, რომ თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო. ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არც ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ზოგადად, არ არსებობს არჩევნები, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ამ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.