არჩევნებმა გვანახა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას, საზოგადოება მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა და ბავშვების ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა მნიშვნელოვანია -გიორგი კახიანი

5
spot_img

არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ, მათ შორის მხარდაჭერა გამოიხატება იმ კანონების მხარდაჭერაშიც, რასაც ვეძახით „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის“ კანონს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ლგბტ პროპაგანდისგან.

„არჩევნების შედეგებმა დაგვანახა ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მათ შორის ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმ კანონების მხარდაჭერაშიც რასაც ვეძახით „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის“ კანონს. ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ლგბტ პროპაგანდისგან. ამის საწინააღმდეგოდ როდესაც ჩვენ ვისმენთ მოთხოვნებს, რომ უნდა გაუქმდეს ეს ორი კანონი, ელემენტარულ კითხვას ვსვამთ, ამ კანონების გაუქმებისთვის რა არგუმენტი არსებობს. ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია. მხოლოდ ზოგადად ვისმენთ, რომ თითქოს, ამან შეიძლება დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვისო. სხვა სამართლებრივი რაიმე არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ევროპელ კოლეგებთან ღია ვართ კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, დავილაპარაკოთ და თუ რამე სამართლებრივი შენიშვნები გააჩნიათ ან ერთ, ან მეორე კანონთან, ამაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ ვისმენთ მხოლოდ ჰაერში გასროლილ სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო მოთხოვნებს – გაუქმდეს კანონი, ის რაც მოსახლეობის ნებაა და რაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით დააფიქსირა, ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ არ წავალთ და იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესშია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმების მოთხოვნას ისეთი ქვეყნებიდანაც ისმის, სადაც ასეთი და ბევრად უფრო მძიმე კანონები არსებობს.

„მაშინ როდესაც ქართული კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გამჭვირვალობის კანონი რამდენიმე თვეა მოქმედებს და ჩვენ ვნახეთ, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობის განხორციელებაში რაიმე პრობლემა არ შეჰქმნია, როდესაც ასეთი ფონია, ერთი მხრივ, შენს ქვეყანაში მოქმედებს კანონი და მეორე მხრივ, საქართველოში ითხოვ იგივე რეგულაციების გაუქმებას, ორმაგ დამოკიდებულებაზე მეტყველებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.