კოვიდის“ ვაქცინებზე კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ყოველთვიურად ჩვენ აქ ვიკრივებით, რათა ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპელებს აწუხებთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ ამ პლენარულ სესიებზე. დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენი შეფასებები ვთქვათ და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება ამ ყველაფრის მიღმა არსებულ რეალურ განზრახვებზე. მაგრამ რაც ახლა მოვისმინეთ ბატონი პეპერიასგან, ყველასთვის ნათელი დასანახი იყო. ეს ექსტრემისტების უძველესი წიგნიდანაა აღებული – საზოგადოების პოლარიზება, დემოკრატისადმი ნდობაში ბზარის შეტანა, მცდარი განცხადებები არჩევნებში ჩარევაზე, ისტორიის გადაწერის მცდელობა და არჩევანიც აქვეა. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ბატონ პიპერიას, მის კონსპირაციების სამყაროში ან ნათლად ვიკითხოთ, რა არის ეს. მაგრამ მინდა, მას მადლობაც გადავახუდაო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ საღამოს ამ დებატების გამართვა, იმიტომ, რომ ფაქტები მნიშვნელოვანია, სიმართლე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, არიან ევროდეპუტატები, რომლებსაც შეკითხვები აქვთ.
„ასევე ვაცნობიერებ, რომ არიან წევრები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ინიციატივას, მაგრამ აქვთ შეკითხვები. ეს ძალიან სამართლიანია და ეს ჩვენი დემოკრატიის ნაწილია. ყოველთვის მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი საკითხი, რომელიც აქ გაჟღერდება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენ ყველას გვახსოვს პანდემიის პერიოდში როგორ ვიდექით ერთად, როგორ იღებდა ყველა ქვეყანა ერთნაირად ვაქცინებს და ასეთი ევროპა მიყვარს მე. ჩვენ არ უნდა მივცეთ ექსტრემისტებს ისტორიის გადაწერის უფლება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში ბევრი დებატები ჩატარდა და ევროკომისიის ყველა ნაბიჯს ღიად და გამჭვირვალედ განიხილავდნენ.
„ასე რომ, დიახ არავისთვისაა საიდუმლო, რომ მე ვიყავი კონტაქტზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ჩვენ კრიზისიდან გამოგვიყვანეს. მე ვიღებდი რჩევეებს მსოფლიოს საუკეთესო ეპიდემიოლობისგან, კონტაქტზე ვიყავი გაერო-ს ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, მაგრამ დასკვნა, რომ ეს კონტრაქტები რაღაც მხრივ არაშესაფერისი იყო ევროპულ ინტერესებთან, არის არასწორი. ასე რომ, მოდით, ვიტყვი კიდევ ერთხელ ფაქტებს, კონტრაქტის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომისია და წევრი სახელმწიფოები ერთად, 27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ შეეძინა ვაქცინები და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ, ნებისმიერი ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის შესახებ, ფასის შესახებ, არის უბრალოდ ტყუილი. ეს კომისია იქნება მზად, ყველასთან იმუშაოს თქვენთან ერთად და იყოს ძალიან გამჭვირვალე“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნის ინიციატორმა, ულტრამემარჯვენე რუმინელმა ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში გადაწყვეტილებათა არადემოკრატიული კონცენტრაცია იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაზე შეშფოთებას.
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე დებატები მიმდინარეობს. თავად კენჭისყრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.
75 ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივას, ადანაშაულებს მას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობაში. ისინი აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გაასაჯაროვა ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი მიმოწერა, რომელიც მას Covid-19 პანდემიის დროს ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების წინ ჰქონდა. გარდა ამისა, კანონმდებლები, რომელთა ძირითადი ნაწილი ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტი ევროპარლამენტარია, ადანაშაულებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაში.