“არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როცა მცდელობა აქვთ, ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”

23
spot_img

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითიც სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას ებრძვის.

„რადიკალურ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს, არც მომავლის დღის წესრიგი აქვს და არც გუნდი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ამოცანებზე რაიმე პასუხისმგებლობა აიღოს. რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ხაზი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მიმართავენ, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს მოცემულობა დღეს უკვე სახეზეა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ მასთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტი არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმების დაფუძნებას ცდილობს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ახლაც იმავეს ეცდებიან. ჩვენ უკვე ცხადად ვხედავთ, რომ ეს ოპოზიცია აღარ არის ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პარლამენტში. ისინი პარლამენტს გარეთ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში დგანან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. ეს რადიკალური ბანაკი საკუთარი ქვეყნის ოპოზიციად გადაიქცა და იყენებენ და მომავალშიც გამოიყენებენ ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის ისეთს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.