“არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას”

33
spot_img

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, თუ რატომ გამკაცრდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები.

„2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომელიც გვქონდა ცალკეულ შემთხვევებში, აღარ განმეორდეს და აღარ იყოს, ამიტომ არის ამხელა ჯარიმები. არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს რა დაიჯარიმებს, ისეთი მიდგომები ექნებათ ძეგლებთან. ამიტომ ჩვენთვის, ქალაქისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, უხარია ამ ქალაქის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეს არის ის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, მოვუაროთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ძეგლებზე კანონის გვერდის ავლით და უხეში ჩარევებით რეაბილიტაციის კონკრეტულმა ფაქტებმა განაპირობა.

მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა იმ სფეროში, რომელსაც კანონმდებლობა, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, უკვე არეგულირებს.

„ისტორიული ზონების მიმართულებით ჩვენ არ გვქონდა გამკაცრებული კანონმდებლობა და მიდგომები, ფაქტობრივად, იგივე იყო. ამ ხნის განმავლობაში წავაწყდით კონკრეტულ რამდენიმე ფაქტს, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, რადგან მაგალითად, შეთანხმებული იყო პროექტი ისტორიულ საბჭოსთან, რომ უნდა მომხდარიყო ძეგლზე ფასადის შენარჩუნება და შენობის სხვა ნაწილის დემონტაჟი. იყო 2-3 შემთხვევაა, როდესაც მოხდა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. საუბარი იყო, რომ გამაგრების დროს დაინგრა და დაიშალა, მაგრამ არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა არაისტორიულ ზონებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ასევე, შეჩერების შემდეგ თუ ისევ გააგრძელებს კომპანია მუშაობას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და, რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმები მკაცრდება. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).

ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის.

კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).