არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე-ირაკლი კობახიძე

8
spot_img

ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული ჩვენს ქვეყანაში, არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება და ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ იმას, რომ არავის განსასჯელი არ არის არავის პირადი ცხოვრება, არც ცხოვრების წესი და ა.შ. არასდროს არ ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი“ ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას.

„ამ კანონში, ერთადერთი, საუბარია პროპაგანდის აკრძალვაზე, მეტი არაფერზე. როცა ვიღაც ამბობს, რომ ეს კანონი არ არის კარგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რა არ მოსწონთ ამ კანონში. ერთადერთ რამეზეა საუბარი, პირდაპირ წერია ეს, რაც ასე აღარ არის, სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში. ხშირად საუბრობენ ხოლმე დაცინვით და ირონიით ამ საკითხზე, დედა დედაა, მამა მამაა და თითქოს ეს ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა. სტრასბურგის პრაქტიკა არსებობს საკმაოდ პრობლემური ამასთან დაკავშირებით, ევროპაში არის ის ტენდენცია, რომ დედას დედა შეიძლება აღარ ერქვას და მამას მამა შეიძლება აღარ ერქვას. კონკრეტულ სახელმწიფოებში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ არ გვინდა ეს პროპაგანდა, დედას უნდა ერქვას დედა, მამას ერქვას მამა და თურმე ეს კანონი არ ვარგა. დაგვისაბუთონ მაშინ, რატომ არ ვარგა ეს კანონი“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.