არასწორია, პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე – მელია

100
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არასწორია, ერთი მხრივ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე.

ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა ათონელის რეზიდენციისკენ მსვლელობის დროს, რომლის მონაწილეებიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვარამიას შეწყალების თხოვნით მიდიან.

„მე არ მინდა განვეკუთვნებოდე იმ ადამიანთა რიგებს, რომლებიც ერთი მხრივ, მოელიან ქალბატონი ზურაბიშვილისგან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმას და მეორე მხრივ, იქვე, ღიად აკრიტიკებდნენ,  რადგან მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ქალბატონი ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალოს თუ არა პოლიტიკური პატიმარი და არა ვალდებულება. ამიტომ, შედეგზე ორიენტირებული, პრაგმატული და რაციონალური არ არის, ერთი მხრივ მოელოდე, სთხოვდე, დიახ, ეს თხოვნაა და არა მოთხოვნა, რომ თავისუფლება დაუბრუნონ და მეორე მხრივ, ლანძღავდე“, – აცხადებს ნიკა მელია.