უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სამშობლოს დატოვება „ღამე ქურდივით“ მოუწია.
„არასდროს ვიფიქრებდი, რომ საკუთარი ქვეყნიდან ღამე ქურდივით გაპარვა მომიწევდა“, – განაცხადა კულებამ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კულება ახლა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმყოფება, ხოლო შემდეგ სამხრეთ კორეაში კონფერენცია World Knowledge Forum-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
როგორც მედია წერს, კულებას კონფერენციაში მონაწილეობა არის ქვეყნიდან წასვლის ფორმალური მიზეზი. კულებას გამგზავრება უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას დაემთხვა, რომლის თანახმადაც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
„ეს დადგენილება არ უკავშირდება იმას, რომ საომარი მდგომარეობა ჯარში გაწვევის ასაკის მქონე 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები ვალდებულნი არ არიან ჯარში იმსახურონ. საქმე ისაა, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას არ სურს, რომ ჩვენ საზღვარგარეთ დავდიოდეთ და ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც მათი აზრით მთავრობის ხაზს, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს. მე დავთვალე და ჩვენ, ვისზეც ეს ზომა ვრცელდება, დაახლოებით 20 ადამიანი ვართ. არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დადგენილება იმაზეა გათვლილი, რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეგვზღუდონ“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის ყოფილი პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინის მთავრობის „გარკვეულ წრეებში“ ითვლება, რომ საზღვარგარეთ წასვლით ადამიანი ავტომატურად ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების აგენტი. კულება აცხადებს, რომ მასზე ჯავრი იყარეს, რადგან ის ზელენსკის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის შეზღუდვის გამო აკრიტიკებდა.