
ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი იუწყება, აღნიშნულის შესახებ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწია „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას მოიწონებს.
„ზელენსკის სურს, უნგრეთში ხედავდეს უკრაინის მიმართ მეგობრულ მთავრობას. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე არიან ზელენსკის მეგობრები“, – აღნიშნა ორბანმა.
მისივე თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდება.
„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.
ამასთან, ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების შესახებ ხმის მიცემით.
შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.