ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო, გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს? „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან, ვინ აფინანსებს ამათ?! მე რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, საიდან ფინანსდებიან. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის შემოღება, ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, რადგან ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ. როდესაც გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ სხვადასხვა მიზნისთვის, მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.