პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია, მისი განცხადებები კი – უტიფარი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არახამიას განცხადებები ადრე უფრო აგრესიული იყო, ახლა კი „მელაკუდობა გადაწყვიტა“.
„[პრემიერმა] კი თქვა „არარაობა“, მაგრამ მე უფრო „უტიფარს“ ვიტყოდი. არ ვიცი, „არარაობა“ „უტიფარი“ რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, მთელს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ ერთ რამეს მინდა დავაკვირდე და გავაკეთო აქცენტი, არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა, პროცესში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.