
ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას – ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ვრცელ ანალიზში მიმოიხილავს ევროპასთან და მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას.
„ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიდრეკილია ევროკავშირის მართვის ავტორიტარული სტილისკენ და ხაზს უსვამს მოქალაქეების აზრისადმი ყურადღების ნაკლებობას“, − იტყობინება Politico. გამოცემა წერს, რომ Brexit-ის ყოფილმა მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ თავის ახალ წიგნში – „რა ვისწავლე თქვენგან“, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მართვის ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.
წიგნში პოლიტიკოსმა, ასევე, გამოთქვა უკმაყოფილება სხვა ევროკომისრების ქცევის მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, თავი „ტექნოკრატებზე მეტად“ წარმოაჩინეს და საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ ევროკავშირის მოქალაქეების აზრს. წიგნში ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად ევროპელების ხმა ხშირად არ ისმის. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონ დერ ლაიენის მართვის სტილი ევროკავშირის მმართველ წრეებში მზარდ გაღიზიანებას იწვევდა. გამოცემის ცნობით, მასზე სულ უფრო მეტი პრეტენზია ისმოდა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა პირადად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფართო განხილვის გარეშე.
ყოველივე ამის ფონზე, ევროკავშირში შემავალ მთელ რიგ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკოსების მზარდი რეიტინგების გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა ევროკავშირის ტრანსფორმაციის პერსპექტივებზე გვესაუბრა იმ შემთხვევაში, თუკი ის დაიშლება, ან რადიკალურად რეფორმირდება.
ევროკავშირის ამჟამინდელი მოდელისადმი ძირითადი პრეტენზიებია:
მან დაკარგა თავდაპირველი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და იქცა ბიუროკრატიულ ორგანიზაციად, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს წევრი ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტსა და მათ იდენტობას. ის ავითარებს გლობალისტურ, ლიბერალ დღის წესრიგს (მიგრაცია, ლგბტ, ეკოპოლიტიკა), რაც ანგრევს ტრადიციულ ღირებულებებს. ევრობიუროკრატების ხელში სუვერენული პოლიტიკური ბაზის გარეშე, ევროც ჩამოყალიბდა არასტაბილურ ვალუტად. ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უწოდებს „პოსტქრისტიანულ იმპერიას“ და ემხრობა „ნაციების ევროპას“. ბრიტანელი ნეოკონსერვატიული პოლიტოლოგი დუგლას მიურეი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი „გასაწყვეტია“ კულტურული იდენტობის დაკარგვის გამო. ფრანგი ინტელექტუალები – ალენ დე ბენუა, ერიკ ზემური და სხვები, საუბრობენ ქრისტიანული დასავლეთის დაბრუნების აუცილებლობაზე.
მოვლენათა სავარაუდო სცენარების განვითარება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
რეგიონებისა და დეცენტრალიზებული კავშირების ევროპა – ევროკავშირი იშლება და მის ნაცვლად ჩნდება ახალი გეოპოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც დაფუძნებულია ისტორიულ-კულტურულ ერთობებზე (მაგ.: სკანდინავია, ცენტრალური ევროპა, „ლათინური“ ევროპა), ეკონომიკურ ზონებზე (მაგ.: დუნაის ლიგა, ბალტიის კავშირი) და რელიგიურ თუ ცივილიზაციურ სიახლოვეზე (კათოლიკური, მართლმადიდებელი, პროტესტანტული ევროპა);
ნაციონალური სუვერენიტეტების დაბრუნება – სახელმწიფოები იბრუნებენ სრულ სუვერენიტეტს და ამავდროულად, ინარჩუნებენ ორმხრივ და მრავალმხრივ პარტნიორობას (როგორიც იყო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება ევროკავშირის შექმნამდე);
ახალი „ჰარტლენდი“ – „შუაგული მიწა“, „საყრდენი წერტილი“, „გეოგრაფიული ღერძი“ – ზოგი გეოპოლიტიკოსის (მაგ. სტივ ბენონის) ხედვით იქმნება ახალი კონტინენტური ალიანსი რომიდან მოსკოვამდე, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსერვატიულ ღირებულებებზე, ქრისტიანობაზე, ანტიგლობალიზმსა და ანტიამერიკანიზმზე (მისი იდეოლოგიურად მოწამლული ფორმატის სახით);
გეოპოლიტიკური „წინასწარმეტყველებები“ – ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე ჟაკ დელორი (1990-იან წლებში) საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ევროკავშირი დაიშლება, თუკი ის არ გადაიქცევა „სულიერ პროექტად“ და დარჩება მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების ფარგლებში. პროფესორი ჯონ ლაფლანდი (დიდი ბრიტანეთი) ამბობდა, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირი „გაიყინება“, თუ დაკარგავს საკუთარ „გულს“, ანუ საფრანგეთს ან გერმანიას;
პრაქტიკული ნიშნები (2020-2025) – სლოვაკეთი, უნგრეთი და დღეიდან უკვე პოლონეთიც, აქტიურად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის ცენტრალიზაციას და აყალიბებენ ალტერნატიულ კავშირებს (მაგ.: ვიშეგრადის ოთხეული, სამი ზღვის ინიციატივა). საფრანგეთსა და გერმანიაში მზარდია მასობრივი პროტესტები (ყვითელი ჟილეტები, ფერმერები, მიგრაციის საწინააღმდეგო მოძრაობები), რაც მიუთითებს ევროკავშირის მიმართ ლეგიტიმურობის დაკლებაზე. შეიმჩნევა ევროსკეპტიკური პარტიების ზრდა: AfD გერმანიაში, RN საფრანგეთში, PiS პოლონეთში, VOX ესპანეთში, Chega პორტუგალიაში და სხვა.
ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას – ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ. ასეთი ხედვა არ გამორიცხავს გაერთიანებას, მაგრამ ეს იქნება ნაციონალურ თანასწორობაზე დამყარებული ალიანსი და არა – ტექნოკრატიული ზემოქმედება. ასეთი იდეები ჯერ კიდევ მარგინალურია ბრიუსელში, მაგრამ პოპულარობას იძენს რიგ წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით არსებული კრიზისების ფონზე. არა − „ევროსაბჭოთა კავშირს“ და ცალსახად კი − განახლებულ ევროპას“, – წერს დავით ქართველიშვილი.