2 დღე პირველ სხდომამდე – ორშაბათს 12:00 საათზე, მე-11-ე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.
წინააღმდეგობის მიუხედავად, “ქართული ოცნების” 89 დეპუტატი, დანარჩენი 61-ის უფლებამოსილებასაც ცნობს. 25 ნოემბერს მმართველი გუნდი პარლამენტში, ოპოზიცია კი პარლამენტთან მივა. დაგეგმილია საპროტესტო აქცია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მათი გეგმა წინააღმდეგობაა.
“ჩვენი გეგმა არის წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. 25-შიც და უახლოეს დღეებშიც, ჩვენი მთავარი გეგმა არის ქუჩის პროტესტი. არ ვაპირებთ ჩვენი პროტესტი იყოს პროგნოზირებადი, რადგან, როდესაც პროგნოზირებადია პროტესტი, ეს რეჟიმისთვის ხელსაყრელია,”- აცხადებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არც მათი მხრიდან ექნება:
“ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია არ ექნება პარლამენტს და ბუნებრივია, არ ვიქნებით პარლამენტში, რაც შეეხება თუ სად ვიქნებით 25-ში, ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რომ გარეთ, კიდევ ერთხელ ერთად დგომით, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია,”- აღნიშნავს ანა ბუჩუკური.