არ მჯერა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიძლებოდეს ერთ პრემიერზე შეთანხმება, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე-სალომე ზურაბიშვილი

19
spot_img

ნურავინ დაგპირდებათ, რომ იქნება რაღაც სასწაული განათლების რეფორმა, სასწაული ჯანდაცვის რეფორმა, ამის არც დრო, არც საშუალება ექნება შეზღუდულმანდატიან მთავრობასა და პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, ოპოზიციური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს თუ არა ერთიანი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას შეძლებენ, რომელიც იქნება პოლიტიკური ფიგურა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია ტექნკურ მთავრობაზე შეთანხმება შეზღუდული მანდატით.

„რაც შეეხება პრემიერს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ მჯერა, რომ ამ პარტიებს შორის, მრავალფეროვნება რადგანაც არსებობს და მრავალამბიციებიც ასევე არსებობს, არ მჯერა, რომ შეიძლებოდეს ერთ პრემიერზე შეთანხმება, რომელიც იქნება პოლიტიკური ფიგურა, რადგან ყველას აქვს თავისი ამბიციები და თავისი შეხედულება სხვებზე. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება შეთანხმება ერთ ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც იქნება შეზღუდული მანდატით, როგორც არის შეზღუდული მანდატით პარლამენტი, რომელსაც ექნება ვალდებულებად, რომ შეასრულოს ქარტია. ასევე მთავრობას ექნება შეზღუდული მანდატი, ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველო დააბრუნოს იმ გზაზე, ანუ აღადგინოს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, აღადგინოს პროგრამა სავალუტო ფონდთან, აღადგინოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ანუ ყველაფერი ის, რაც მთავრობას შეუძლია და ჩვეულებრივი საქმეების გამართვა. ეს იქნება მისი როლი და ფუნქცია ამ ერთწლიან პერიოდში და მეტი არაფერი. აქ არ იქნება ლაპარაკი, ეს ყველამ უნდა გაიგოს, ნურავინ დაგპირდებათ, რომ იქნება რაღაც სასწაული განათლების რეფორმა, სასწაული ჯანდაცვის რეფორმა, ამის არც დრო, არც საშუალება ექნება ამ შეზღუდულმანდატიან მთავრობასა და პარლამენტს. ამ საქმეს თუ გავაკეთებთ, ეს უკვე იქნება უზარმაზარი საქმე და იმ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირთან, როცა ასევე მივიღებთ ამერიკისგან მეგობრული აქტის მართლა მეგობრულ ნაწილს, იმ პოზიტივს, რაც დაპირებულია ამ დოკუმენტში, ძალიან ბევრი რამ წინ წაიწევს. მაშინ დადგება დრო სერიოზული, ძირეული რეფორმების იმ საზოგადოების, რომელიც დღემდე კოჭლობს ამ კუთხით, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა, კულტურაზე  აღარაფერს ვიტყვი, რადგან ეს უკვე კოჭლობა აღარ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.