,,არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს” – მამუკა მდინარაძე

42
spot_img

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამ პროცესს დააზიანებს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს და ყველანაირად ცდილობს, ამას ხელი შეუშალოს.

“წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ, ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა, და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს და თუ არა იმ მიზანს, რომ “ნაცმოძრაობას” და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.

მტკიცებულებების გარეშე გისანქცირებენ, კი ბატონო, შევარბილოთ, როგორც მათ გააკეთეს და ვთქვათ, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებენ ქართველ მოსამართლეებს და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით – ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ აწი უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და უნდა შევქმნათ კომისია. ვინმეს მიგაჩნიათ, რომ მათ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ მათ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტურონ? არა, პირიქით, რა თქმა უნდა, სჭირდებათ იმისთვის, რომ დაადასტურონ, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის – პირიქით,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას სამი მიზანი აქვს – ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, სასამართლოზე გავლენის მოპოვება და მოსამართლეებზე შურისძიება.

“სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში – ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს.

მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა, სინამდვილეში, მათ აქვთ სამი ამოცანა, პირველი: ხელი შეუშალონ ევრო რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, მეორე: ჩარევა სასამართლოში და იქ გავლენის როგორმე დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა და მესამე: შურისძიება სასამართლოებზე და მოსამართლეებზე, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ისევ ვერ შეძლო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა – “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეთა სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა.