“არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება”-

82
spot_img

მე არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება. იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად 3 ომი გამოიარა რუსეთთან, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ პოლიტიკად, სამწუხაროდ, აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პასუხები გასაცემი არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ უკრაინის ხელისუფლებას აქვს.

„ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო და თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინელ ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, კრიმინალი ადეიშვილი დღეს უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია, თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით, ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების თავშეკავება გამოიხატება იმაში, რომ ეს ყველაფერი გავლენას არ ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ.

„ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინულ სახელმწიფოს და ხალხს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ ის თავს ესხმის ქართველ ხალხს. დრო გავა, ეს ომი დასრულდება, უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ ამას შეაფასებს და იტყვის, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო და ქართველი ხალხი იყო, ვინც ამ ომში ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერი იყო უკრაინელი ხალხის.

რაც შეეხება ომს, უკრაინას ბევრი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის პრიორიტეტი ან უპირატესობა, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მიმართ, რომელმაც 2014 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, რუსეთთან დაიწყეს სტრატეგიული პროექტების განხორციელება, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს და ა.შ. ისევე როგორც 2008 წლის შემდეგ გადატვირთვა მოაწყვეს რუსეთთან. თუმცა, მე არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება. იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად 3 ომი გამოიარა რუსეთთან და ჩვენ როდესაც ამ ომში ვიყავით, არავისთვის არაფერი არ დაგვიყვედრებია, არავისთვის არაფერი არ მოგვითხოვია და არავისთვის ასეთი პედესტალიდან არ გვიყურებია. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს, საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმე მორალური პედესტალიდან ესაუბროს, იმიტომ, რომ სანამ იქნებოდა უკრაინა, მანამდე იყო საქართველო, ქართველების ბრძოლა და ომი, რომელშიც ახლა არის უკრაინა. ამიტომ, რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობა ზუსტადაც რომ გასაჭირში შეიცნობა და როცა ასეთი ომი არის და ამ ომში უკრაინის ხელისუფლება თავს ესხმის ქართველ ხალხს, მათ შორის, ასეთი განცხადებებით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს არის ზუსტად არამეგობრული ქცევა და მათ შორის იმით, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინისთვის, რომელთანაც მან ჩათვალა, რომ არ სჭირდება ელჩი ჰყავდეს და რომელთანაც ჩათვალა, რომ მას არ სჭირდება, რომ ქართველი ხალხის ელჩი ჰყავდეს საკუთარ დედაქალაქში, რომელიც ტყვიების ზუზუნში იყო იქ ერთადერთ ელჩი და ერთი მადლობა არ უთქვამს პრეზიდენტ ზელენსკის ამ ელჩისთვის. ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, გამოაძევა ქვეყნიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.