“არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილს კარგი დღე დამართოს” – გურამ მაჭარაშვილი

24
spot_img

არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილს კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, არსებობს, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ისე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმზე.

„ზურაბიშვილი ფიქრობს იმასაც, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, შემდეგ თავად ზურაბიშვილს ვინღა შეიწყალებს, პოლიტიკოსები ან ქართველი ხალხი თუ შეიწყალებს. გვარამიას შეწყალების დროს კიდევ კარგად გადარჩა ქართველი ხალხის რისხვისგან. არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ მას კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.

ყველასთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მიჩნეულია, რომ მან (სააკაშვილმა) შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი. არსებობს ქართული მართლმსაჯულების უამრავი გადაწყვეტილება, და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომ ოჯახები პრაქტიკულად განადგურდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი თავის თავს პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს.

„ფორმალურად ზურაბიშვილს ეს შეუძლია, მაგრამ ეს იქნება ვერდიქტი, რომელსაც ის უკვე ვეღარ შეცვლის, ისედაც პრაქტიკულად პოლიტიკურად განადგურებულ თავის პიროვნებას განაჩენს გამოუტანს. მოულოდნელი არაფერი არ არის, მაგრამ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ის შესაწყალებელი გახდება, ამაზე უნდა დაფიქრდეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს კინო საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს და დეზინფორმაციაზე აღარ წამოეგება.

„ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. საერთაშორისო სასამართლომ არაერთხელ პირდაპირ თქვა, რომ ამ ადამიანს არავინ არ აწამებს, არაფერი სჭირს, უნდა ჭამოს საჭმელი და განიკურნება. ვნახეთ, რომ ახლა მშვენივრად წამოჩიტებულა და განცხადებებს აკეთებს. სამარცხვინო საქციელი იკადრეს პოლონელმა ექიმებმა, რომ ნაწილ-ნაწილ უნდოდათ სააკაშვილის გამოტანა და ესეც არ გამოვიდა. ვნახეთ, ვითომ დაფორთხავდა „ვივამედში“ ე.წ. კამერაში, ოროთახიან კარცერ-ლუქსში. ისიც ვნახეთ, რომ ახლა უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურება და არათუ ქართულ, არამედ უნდა, მსოფლიო პოლიტიკას ჩაუდგეს სათავეში. ეს კინო ნანახი აქვს უკვე ქართულ საზოგადოებას და ამ დეზინფორმაციაზე აღარ წამოეგება.

ევროპარლამენტარი იქნება, თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც უტიფარ განცხადებას აკეთებს და ანტიკონსტიტუციურად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება თავზე გადაახიონ ქართულ საზოგადოებას და პატიმარი უკანონოდ გამოუშვან, ეს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.