არ მახსოვს, როგორ მოვხვდი მორგში – ერთ გარდაცვლილ გოგონას ცალ ფეხზე ეცვა კაპრონის წინდა, გახეული, მოჩეჩილი, პირდაპირ ბეტონის იატაკზე კი…“ – 9 აპრილის ღამეს ტრაგედიის მონაწილე იხსენებს

416
spot_img

34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში თითქოს ყველაფერი დაიწერა, გაშუქდა მედიის მხრიდან, მაგრამ მაინც დარჩა მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც ვიწრო წრემ იცის და 9 აპრილის ღამის მონაწილეები მხოლოდ ახლობლებთან ჰყვებიან. 

მაყვალა დავითაძე ერთ-ერთია, იმ სამშობლოსთვის გულანთებულ სტუდენტებს შორის, ვინც ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა მხარდამხარ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და აპრილის მოვლენების ეპიცენტრშიც მოხვდა. რუსი ჯალათის ნიჩაბმაც დააზიანა, მოიწამლა კიდეც და დახოცილები მორგში თავისი თვალით ნახა.

„პრაიმტაიმმა“ ქალბატონ მაყვალასთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია და ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან რთული და ემოციური გასახსენებელი აღმოჩნდა ამბები, რომელსაც რესპონდენტი მოგვიყვა. 

ქალბატონი მაყვალა გახლავთ ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

– 1989 წელს პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეროვნული მოძრაობის დღეებში, მიტინგების დროს ახალგაზრდები  სხვადასხვა ადგილებზე ვიკრიბებოდით ხოლმე დღის განმავლობაში და საღამოს კი ყველანი  რუსთაველზე მივდიოდით. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენსავე კორპუსთან, კიბეზე ვიყავით ხოლმე შეკრებილი, მიკროფონიც იქვე გვედგა, კიბის თავში. მახსოვს, ერთხელ სწორედ მიკროფონის ძირში, კიბეზე ვიყავი ჩამომჯდარი და ისეთი დაღლილი და გათიშული ვიყავი, უკვე გამომსვლელებსაც კი ვეღარ ვუსმენდი, თავჩაქინდრული რაზე ვფიქრობდი, არ ვიცი. თავზე ხელი დამადო ვიღაცამ, ავიხედე და დავინახე ზვიად გამსახურდია. ეს რამხელა რამეს ნიშნავდა ჩემთვის, ენით ვერ აღვწერ.

მახსოვს, 9 აპრილის წინა დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე კი ჩამოიარეს „ბეტეერებმა“ და ჩვენ ვიცინოდით – გვაშინებენო. სინამდვილეში თურმე გვაფრთხილებდნენ, მაგრამ ისეთი პატრიოტიზმის გრძნობით ვიყავით გამსჭვალულები, რომ არც შეგვშინებია და არც გაგვითვალისწინებია, რომ ეს იყო გაფრთხილება და მართლა ყველაფერზე წამსვლელი იყო რუსეთი.

გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების გარდა, ყველა ჯგუფს ჰყავდა თავისი ლიდერები, ვინც ჩვენ გვიკეთებდა მობილიზებას, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ვინმე მოდიოდა ჩვენთან და გვაიძულებდა რამეს, ეს იქნება ტყუილი. ეს იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული ქმედება და ყველას სურვილი. მახსოვს, ჩვენი ლიდერები იყვნენ გელა გოდერძიშვილი, ბესო საბაშვილი და ძალიან გული მწყდება, რომ მან რადიკალურად შეიცვალა შეხედულებები; იყო სოსო ქუთათელაძე, დათო ბეჟაშვილი – მათ მოჰქონდათ ამბები, სად უნდა წავსულიყავით და რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემ თვალწინ ფილმივით გადის ხოლმე ის კადრები, რაც 9 აპრილის ღამეს მოხდა. ყველანი ვიყავით რუსთაველზე. ცოტა მცივანა ვარ, რომ მოსაღამოვდა, შემცივდა. ეს შენიშნა ზვიად ტყეშელაშვილმა. მითხრა – დედაჩემმა შარვალი მომიტანა სახლიდან, რომ შეგცივდეს, ჩაიცვიო. მე ამის ჩამცმელი არა ვარ და მოგცემ, შენ ჩაიცვიო. დღემდე მაქვს ის შარვალი შენახული სამახსოვროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და გზები დიდი ხნის წინ გაიყო. ამ შარვალმა ვერ გამათბო. შემდეგ შემხვდა მეგობარი, რომელიც დუშეთის საგზაო სატრანსპორტო სამსახურში იყო დასაქმებული და ვთხოვე, ამიყვანე სახლში, თბილად ჩავიცვამ და უკან მომიყვანე-მეთქი. – უკეთეს რამეს შემოგთავაზებ, – „საგზაოს“ თანამშრომლებისთვის მაქვს ახალთახალი ტანსათბურები (ე.წ. „ტელეგრეიკა“), ერთ ცალს მოგცემ და მერე დამიბრუნეო. ვიდრე ამ ამბებში ვიყავი, უკან დაბრუნებულს ჩემი ჯგუფელები ადგილზე აღარ დამხვდნენ. ვიღაცას უთქვამს, ტელევიზიასთან გვიჭირს ხალხიო და იქ წასულან. ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი ტელევიზიასთან თუ რუსთაველზე დავრჩენილიყავი. როცა ამბის დატოვება გვინდოდა, ვუბარებდით ჩვენი მეგობრის ძმას, რომელიც შიმშილობდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებდა. წავედი მისკენ, რომ ამბავი დამეტოვებინა და ვიღაცამ მთხოვა, წყალი მომიტანეო და შამპანურის ცარიელი ბოთლი მომაწოდა.  უკვე ღამის 3 საათი იყო, უკან გამოვბრუნდი, სანამ ხალხში გზა გავიკვლიე, სანამ წყალი ავიღე, ამასობაში პატრიარქის გამოსვლა დაიწყო და გავჩერდი, რომ მისთვის მომესმინა.

მახსოვს, მისი გამოსვლის მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გავეშურე იმ ადამიანისკენ, ვისთვისაც წყალი უნდა მიმეტანა და შემხვდა ომარ ლებანიძე – სპორტის კათედრაზე იყო ჩვენთან და მითხრა – იცი, რომ თავუსფლების მოედანი ტანკებითაა სავსეო? არ დავუჯერე. სკამზე შედგა და ხელში ამწია, გავიხედე თავისუფლების მოედნისკენ და მართლაც სავსე იყო სამხედრო ტექნიკით. თუმცა, არ შემშინებია, გზა გავაგრძელე ამ შამპანურის ბოთლით ხელში და ვიდრე იმ მწყურვალ ადამიანთან მივედი, დაიწყო კიდეც ის უბედურება. ქუჩა განათდა, წამოვიდა ტექნიკა ხმაურით, ზრიალით.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შეუფერხებლად გაგვეტარებინა და არაფერი მოხდებოდა. ამ მომეტში სკოლის მხარეს  ვიყავი. რუსები რომ შემოვიდნენ, უცებ გაიყვნენ და ხალხის მასა სამ ნაწილად გაყვეს. მომიტინგეების ნაწილი ქაშუეთის მხარეს მოექცა, ნაწილი – თავისუფლების მოედნის მხარეს და ნაწილიც იქით, სადაც მე ვიდექი.

რომ ატყდა ჩეხა და უბედურება, ისეთ აგონიაში ვიყავი, სიმართლე გითხრათ, გაქცევაზე არც მიფიქრია. მოშიმშილეებისკენ მივიწევდი და უცებ ყველაფერი აირია. ხელით დავეყრდენი „გაზონს“ – სპორტსმენი გოგო ვიყავი და არ გამჭირვებია – და ავიწიე ზევით, რომ გადავმხტარიყავი. უცებ ხელში ვიღაცამ მტკივნეულად ჩამარტყა. ავიხედე და ეს სახე არასოდეს დამავიწყდება – სულ მახსოვს იმ უბედურის ყვითელი, სალდაფონური, გამტკნარებული, მიცვალებულის სახე. ამ დროს ჩავვარდი მიწაზე, წამესივნენ და დაიწყეს ჩემი ცემა – მირტყამდნენ თუ წიხლებს, თუ ნიჩბებს. თურმე ამ „ტელეგრეიკას“ ჰქონია უნარი, რომ ბამბა, რითაც ქურთუკია ამოვსებული, აკავებს მჭრელ საგნებს. გარედან ქსოვილი იჭრებოდა, მაგრამ ბამბა არ ატარებდა, სხეულამდე რომ ჩასულიყო. მან დამიცვა და სიკვდილს გადამარჩინა, ფაქტობრივად.

უცებ გავიგონე ხმა – გუგეშაშვილი, მიხედე მაგ გოგოს! – ჩემ ბედად იქ აღმოჩნდა პოლიციელი გუგეშაშვილი, დიდი ტანის ადამიანი იყო. წიწილასავით დამავლო ხელი და გამაცილა იმ ტერიტორიას. თუმცა, ვიყავი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, – ნაცემი, დაჩეხილი, დაშავებული ხელი მტკიოდა, სხეული მტკიოდა, ხელი გამისივდა და ყელი მეწვოდა მომწამლავი აირის მოქმედებით. პოლიციელმა გამიყვანა იმ ადგილიდან და მითხრა – ახლა თავს მიხედეო და იქვე მდგარი ავტობუსის ქვეშ შემაგდო – აქედან არ გამოხვიდეო. ავტობუსი ახალგაზრდებით იყო სავსე. ბჭობდნენ, რა ვქნათო. ბოლოს გადაწყვიტეს, ძერჟინსკის ქუჩისკენ გაქცეულიყვნენ, მაგრამ იმ ქუჩაზეც ჯარისკაცები ჩამოდიოდნენ. არსაით გასაქცევი არ იყო. მეც ავტობუსში ავედი და მათ შევუერთდი. ჯარისკაცების დანახვაზე ყველანი იატაკზე დავწექით და როცა ისინი გაგვცდნენ, გავიქეცით ზემოთ, ძერჟინსკის ქუჩისკენ. პირველსავე სახლში შევცვივდით. წარმოიდგინეთ, მეორე სართულამდე გვდიეს ჯარისკაცებმა. უცებ მეორე სართულზე კარი გაიღო, ასაკიანი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა იმ ბინაში და დაგვიძახეს, მოდითო. შევედით მათთან და სავსე დაგვხვდა იქაურობა დაჭრილი, დაშავებული მომიტინგეებით. თურმე ოჯახის პატრონები აივნიდან უყურებდნენ და თუ დაინახავდნენ, რომ მათ სადარბაზოში ვინმე შევარდებოდა, ზემოდან ეძახდნენ, ამოდითო. იქ დამხვდა ცხონებული თინა მამულაშვილიც. სასწრაფოში დავრეკეთ, იმიტომ, რომ ბევრი იყო ცუდად. ყველას ხელში სანთლები გვეჭირა და ვლოცულობდით. სასწრაფომ წაგვიყვანა „არამიანცში“ თინა მამულაშვილი, კიდევ ერთი მომიტინგე და მე. საავადმყოფოს დერეფანში რომ შევედი, დავინახე ექიმი, რომელსაც ხალათის გულის პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

მას ექთანმა ჩემი ხელი დაანახვა და უთხრა, ამას რა ვუყოო? – ამას რა უჭირს, ნეტავ ყველა ასე იყოსო, უთხრა და მაშინ მივხვდი, რომ რუსთაველზე საშინელება მოხდა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მეგონა, რომ მთელი ჩემი კურსი, იქ მყოფი ყველა ადამიანი ჩაწყვტეს და მარტო მე გადავრჩი ცოცხალი და ვიყავი უმძიმეს მორალურ მდგომარეობაში, სიცოცხლის მრცხვენოდა.

შემხვდა ჩემი კურსელი, სვანი ბიჭი, გოჩა ჩოფლიანი და მითხრა, რომ მთელი კურსი მორგშიაო. არ მახსოვს, როგორ გადავევლე არამიანცის საავადმყოფოს ორმეტრიან მესერს და როგორ აღმოვჩნდი მორგში.

როცა ეს დღე ამომიტივტივდება გონებაში, მკაფიოდ მახსენდება, მორგში ნანახი სურათი: ვინ სად იწვა, როგორ პოზაში. ერთ გარდაცვლილ გოგონას ცალ ფეხზე ეცვა კაპრონის წინდა, გახეული, მოჩეჩილი. პირდაპირ ბეტონის იატაკზე კი ბაშალეიშვილის ცხედარი იდო. ფოტოგრაფიული სიზუსტით მახსოვს ეს სურათი. გაოგნებული და გაშეშებული ვიდექი, არ მახსოვს, რამდენ ხანს, მერე ვიღაც შემოვიდა მორგში და გამომაგდო.

იქიდან გამოვედი, ძალიან ცუდად ვიყავი როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად – მოწამლული, ხელი მტკიოდა. ამ სვანმა ბიჭმა ხელში ამიყვანა და ასე მატარა „არამიანცის“ საავადმყოფოდან პუშკინის ინსტიტუტამდე.

იქ შემხვდნენ ლეო კვაჭაძე და ჭოლა თევზაძე, ჩემი ლექტორები. ორივე ტიროდა, ძალიან განიცდიდნენ მომხდარს. ვუთხარი, ძალიან ცუდად ვარ მეთქი და მირჩიეს, – შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე, არ წახვიდე საავადმყოფოში, თორემ უშიშროება ყველაფერს იმახსოვრებს და გაგაუბედურებენო. ატენის ქუჩაზე ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და მასთან მივედი. იქ დამხვდა მოშიმშილე თემურ ლომიძე, რომელიც იწვა და ძალიან ცუდად იყო. ოჯახს თავისთან მიუყვანია. თავზე მამა ედგა, რომელიც ტიროდა.

ყელი საშინლად მეწვოდა და წყალი მომწყურდა. გავედი სამზარეულოში და ვნახე, რომ მაგიდაზე სამლიტრიანი ქილით წყალი იდგა, ჩამოვასხი დიდ ჭიქაში და დავლიე. იმდენად ცუდად ვიყავი, გემო ვერ ვიგრძენი და არაყი აღმოჩნდა.  სასმელმა არც კი დამათრო, თუმცა, სუნთქვა ცოტა შემიმსუბუქდა. შემდეგ ექიმმა მითხრა, მაგას უშველია, სუნთქვა რომ გაგიადვილდაო.

წავედი მეცხრე საავადმყოფოში და სწორედ იქ ვნახე ჩემი ჯგუფელები, დასახიჩრებულები, ნაცემები. ვიღაც დაგვდევდა კამერით და ყველაფერს იღებდა, ვინ სად მიდიოდა, ვინ რას აკეთებდა.

ამის შემდეგ სამკურნალოდ კასპში წავედი და ახლობელ ექიმთან ვიმკურნალე, რომ საავადმყოფოში არ მივსულიყავი.

მივდიოდით გარდაცვლილების პანაშვიდებსა და სამძიმარზე და ახალგაზრდების ჯგუფი რომ გამოვჩნდებოდით მიცვალებულის ოჯახში, ხალხი ფეხზე დგებოდა, ტშას გვიკრავდნენ, ტიროდნენ. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ და ახლაც ძალიან მიმძიმს გახსენება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ: იყო კი ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ამ მსხვერპლის გაღება? უკვე გაორებული ვარ… საბჭოთა კავშირი ისედაც იშლებოდა, მაინც მივიღებდით იმ შედეგს, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია და ამ ახალგაზრდების ჩამქრალი სიცოცხლით რა მოვიგეთ?

 

წყარო: „პრაიმტაიმი”