არ გვაქვს ილუზია, რომ ისეთი პროქართული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში დარეგისტრირდა, მხარდაჭერას ჰპოვებს, ვინაიდან იქ კვლავ „დიფ სთეითი“ მძლავრობს-პრემიერი

4
spot_img

გერმანულ პარტიას, AfD-სა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის დარეგისტრირება ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი“ დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი თავისთავად საინტერესოა.

„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი ჰპოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს „დიფ სთეითი“, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

„სუვერენულ ერთა ევროპამ“ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც ნათქვამია: „ვგმობთ ევროკავშირის ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში და უარს, აღიაროს არჩევნების ლეგიტიმურობა“.