არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და „შულავერის კომიტეტს“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან -გიორგი მარგველაშვილი

12
spot_img

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება მტკიცე ბრძოლა, რადგან უკვე აღარ არის კომპრომისის შესაძლებლობა.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი. გვერდში გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეს თითოეული თქვენგანი აქ დგას საკუთარი თავის გულისთვის, საკუთარი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, რომლის დათმობაც, იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, მაგრამ რეალურად არის შულავერის კომიტეტი, იქნება უარის თქმა ყველაფერზე, იმაზე, რაც ჩვენ ვართ, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს წარსულზე, ჩვენს მომავალზე, ეს რომ დავთმოთ, ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით წელში გასწორებულები. ჩვენ ვიქნებით მომაკვდავი და სისხლში ჩახშობილი, პუტინის იმპერიის მსახურები. შეგვიძლია ჩვენ ასე ცხოვრება? არა, ნამდვილად არ შეგვიძლია. ეს ბრძოლა არის უალტერნატივო. ეს ბრძოლა არის მხოლოდ ისეთი ბრძოლა, რომელიც დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ბრძოლა იქნება გრძელი და დამქანცავი, ამ ბრძოლას ექნება „პიკები“ და იქნება ჩავარდნები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენს უკან აღარ არის შესაძლებლობა კომპრომისის, ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ ძალიან მტკიცედ.

მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი, ნელ-ნელა, თითოეული ჩვენგანი ვიპოვით ჩვენს თავს, ვიპოვით ფორმას, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი სამშობლოსთვის სიყვარულს და ერთგულებას. ვიპოვით ჩვენს გზას ამ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ჰქვია. ჩვენ ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, წინ წაგვიძღვებიან ჩვენი პოლიტიკოსები და მოდით, პირველ რიგში, გავიაზროთ, რამხელა გზა გაიარეს მათ ამ ერთ კვირის განმავლობაში. ჩამოყალიბდნენ ძლიერ, ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც იწყებს საქართველოში წინააღმდეგობას და იწყებს საქართველოში ახალ ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს სსრკ-ს ჩამოშლას და დამოუკიდებელი საქართველოს დაბრუნებას.

გავამხნეოთ ჩვენი ლიდერები, რომლებმაც მოიგეს არჩევნები თქვენთან ერთად. მოიგეს არჩევნები და არ დათმობენ ამ მოგებას იმიტომ, რომ ეს თითოეული თქვენგანის მოგებაა. ვთქვათ, რომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით მტკიცედ და არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ. მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვიქნები ამ ბრძოლის თითოეულ დღეს და თითოეულ საათს, გამარჯვების დაბრუნებამდე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.