,,აქციის მონაწილეები დღეს გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობენ”-გოგა მემანიშვილი

10
spot_img

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დღეს გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობენ.

„ჩვენ, პოლიციელებმა, არაერთგზის მოვუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ, დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა. ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, კანონიერად მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავადგენთ და მოგვიანებით მოგახსენებთ”,- განაცხადა მემანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს არ არის აქციის მონაწილეთა ის რაოდენობა, რომ გზა გადაიკეტოს. რაც შეეხება სამართალდამცველთა რაოდენობას, მემანიშვილის თქმით, აქციების პერიოდში ყოველთვის ამ რაოდენობის სამართალდამცველი იმყოფება ხოლმე აქციაზე.

„მიმდინარე აქციებზე ყოველდღე ეს რაოდენობაა პოლიციელების. გუშინ და გუშინწინ ზუსტად არ ვიცი რაოდენობა, მაგრამ დღეს ის რაოდენობა არ არის, რომ გადაიკეტოს“, – დასძინა მემანიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე მაინც გადავიდნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.