აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვეს აქციები.
„აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
„საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ყველანაირი კრიტერიუმით, თუმცა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. შემდეგ თვითონვე ამბობდნენ, რომ არ იყო სწორი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხი გამოეყენებინათ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იმ აქტორებს, ვინც აორგანიზებს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში და, ზოგადად, მსოფლიოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.