აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოწმებული 1339 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 968-ს დაუდასტურდა

74
spot_img

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი – ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი 789 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 587-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა.

რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 49 ქალს შორის, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 19-ს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და კახეთის რეგიონში შეამოწმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 – ბიჭს და 2 – გოგოს.