აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ვებგვერდიდან ამოღების გამო, რუსეთის დუმის დეპუტატი ავიაკომპანია „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს.
ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს
დუმის დეპუტატმა, ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს განცხადება გაუგზავნა, სადაც „აზიმუტის“ შემოწმებას ითხოვს.
„რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ „აზიმუტის“ შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მაკიევი აღნიშნავს, რომ ამ პრეცენდენტს, შესაძლოა, ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან ხვალ ყირიმის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს გამოყოფენ რუსეთის ფედერაციისგან.
მაკიევი მოთხოვს, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს ავიაკომპანია „აზიმუტს“ ტრანსპორტირების ლიცენზია”.