“აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს” – უცხოური პრესა

183
spot_img

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ (Независимая газета) 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს“ (ავტორი – იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აფხაზეთმა ნაწილობრივ გააუქმა საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო ფიზიკური პირებისათვის: პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა 14 პოზიცია, რომლის იმპორტი აფხაზეთში ლეგალურად შეიძლება. მართალია, დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას ხელი ჯერ კიდევ 31 მარტს მოეწერა.

ემბარგო საქართველოდან შეტანილ ტვირთებზე აფხაზეთის ხელმძღვანელობამ 2007 წელს შემოიღო, სერგეი ბაღაფშის ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ქართული ჯარის კოდორის ხეობაში შეყვანამ გამოიწვია. იმ პერიოდიდან მოყოლებული, აფხაზეთი ძირითადად რუსეთთან ვაჭრობდა და რუსული პროდუქციის იმპორტს ახდენდა.

მაგრამ მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“, დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აფხაზური სტრატეგიის გადახედვას ბიძგი მისცა რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა – აფხაზეთს სატრანზიტო ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა გაუჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები საკმაოდ ფრთხილია: ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში შევიდა მცენარეების ნერგები, თესლი, შინაური ფრინველი, პირუტყვის საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, ძრავის ზეთი და სხვა მოწყობილობები.

როგორც აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალიას ლაბახუამ განმარტა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებენ მხოლოდ ფიზიკური პირები, მათ ფაქტობრივად მხოლოდ იმდენი ტვირთის გადატანის უფლება მიეცათ, რამდენიც ავტომანქანის საბარგულში ჩაეტევა, კერძო კომპანიებისათვის (იურიდიული პირებისათვის) კი ემბარგო კვლავ ძალაში რჩება.

როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში, „მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-აფხაზური ომი 30 წლის წინ დასრულდა, ყოველი აფხაზური მთავრობა საქართველოსთან ვაჭრობას ფრთხილად უდგება. არადა, ვაჭრობა, ოფიციალური ემბარგოების მიუხედავად, პრაქტიკულად არ შეწყვეტილა, აფხაზური ბაზარი სავსე იყო კონტრაბანდული პროდუქციით. იყო მცდელობები სიტუაციის შეცვლის მიზნით, ვაჭრობის ლეგალიზებისათვის, მაგრამ მსგავს განზრახვებს დღესაც აქტიურად ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოების ნაწილი, რომლის წარმომადგენლების აზრით, „მტერთან ვაჭრობა არ შეიძლება“.

ამიტომაც, ინალ ხაშიგის თქმით, არალეგალურად არსებული ვაჭრობის ლეგალიზება არ მოისურვა არც ალექსანდრე ანქვაბმა და არც რაულ ხაჯიმბამ. ალბათ, სიტუაცია არც ახლა შეიცვლებოდა, რომ არა რუსეთის მიერ დაწყებული „სპეცოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ. „სპეცოპერაციამ“ ბევრ საკითხის კორექტირება მოახდინა, მათ შორის სავაჭრო მარშრუტებისაც. რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების გამო ბევრი პროდუქტი აფხაზეთში საქართველოს გავლით შემოდის, ამიტომაც პრეზიდენტს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა შეზღუდვები მაინც რჩება“.

თბილისში აფხაზეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენას პოზიტიურ მოვლენად აფასებენ, ურთიერთობის ნორმალიზების გათვალისწინებით. კაცმა რომ თქვას, საქართველო ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს აფხაზეთის დასაბრუნებლად (ხელახლა შემოერთების მიზნით). კერძოდ, კონსტიტუციაში აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენად ითვლება. აფხაზეთის ყველა ენერგო ხარჯს საქართველოს ბიუჯეტი ანაზღაურებს.

აფხაზეთის (ისევე როგორც „სამხრეთ ოსეთის“) მოსახლეობისათვის არსებობს უამრავი უფასო პროგრამები სამედიცინო დარგში, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ზუგდიდთან ახლოს, პრაქტიკულად აფხაზებისათვის მოქმედებს 220-ადგილიანი სუპერთანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა, იქვეა სასტუმროც პაციენტების ნათესავებისათვის. მკურნალობა მაღალხარისხიანია: კლინიკის პერსონალმა მომზადება ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და რუსეთში გაიარა. ამ პროექტისათვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მკურნალობა პრაქტიკულად უფასოა, მოქმედებს სოციალური სადაზღვევო შეღავათები: საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი ისეთივე სიკეთით უნდა სარგებლობდნენ, როგორც დანარჩენი მოსახლეობა“.

აფხაზები სარგებლობენ ყველანაირი შეღავათებით და პროგრამებით, მაგრამ თვლიან, რომ ეს პრივილეგიები მათ ისედაც ეკუთვნით, საქართველოს მიერ მიყენებული სამხედრო ზიანის კომპენსაციის სახით.

წყარო