” აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა, ამ ერთობას არაფერზე ვცვლით”- დიმიტრი ხუნდაძე

137
spot_img

დღეს აფხაზეთობაა და მსურს, პირველ ყოვლისა, ეს დღე მივულოცო აფხაზებს და იქაურ მცხოვრებლებს. ასევე, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც აფხაზეთი არაფერში იცვლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან გააქტიურდა საშიში პიარკამპანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით.

„სოციალურ ქსელში გამოჩნდა იმ ახალგაზრდების ბლოგები, რომლებიც დაბადებულნიც კი არ იქნებოდნენ აფხაზეთის ომის დროს და გვიყვებიან ომის ქრონიკებზე: როგორ აწამეს და დახვრიტეს აფხაზებმა ქართველები. ჰყვებიან ყველაზე მტკივნეულ ამბებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შორის მტრობის გასაღვივებლად.

ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლებაზე ზეწოლით რომ ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩართვა, ახლა საზოგადოებაში აღვივებენ ომის სურვილს, რომ აფხაზეთი ჩვენია და იმ სისასტიკეს სისასტიკით უნდა ვუპასუხოთ. ასეთი მტრული კამპანიით ქართველ ხალხში აღვიძებენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთ წლების წინ.

ხელისუფლება კი, 11 წელია, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღგდგენის კუთხით, ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს ვეძებთ. ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით, რათა შევძლოთ, მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებში არ შედის. ამიტომ გამოიყვანეს წინა ხაზზე ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ სიძულვილს და მტრობას თესავენ ჩვენ შორის.

გარდა ამისა, უკვე ხმამაღლა გაიჟღერა იმ აზრმა, რომ თურმე, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავთმოთ. მსურს, ამ ხალხის გასაგონად ვთქვა:

არ გაბედოთ ვინმემ ამ აზრის კიდევ ერთხელ განმეორება! არ გაბედოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არჩევანის წინაშე დაყენება, თორემ ჩვენი პასუხი თქვენ მიმართ იქნება ძალიან მკაცრი.

ქართველი ხალხი არ ცვლის აფხაზეთს და სამაჩაბლოს არანაირ დასავლურ ღირებულებებზე. პირიქით, დასავლეთთან პარტნიორობა, ევროკავშირიც და ნატო-ც მხოლოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად გვინდა.

მივმართავ ახალგაზრდებს, არ აჰყვეთ თქვენი თანატოლების ნეგატიურ პიარკამპანიას ჩვენი მოძმე აფხაზების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში ასეთი სისხლიანი ქრონიკები იწერება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თქვენს თანატოლ აფხაზებთან ერთად უნდა იპოვოთ საერთო ენა. ძალიან ბევრ ქართულ და აფხაზურ ოჯახში ომში დაღუპული წევრების ფოტოებია. მათ შორის, ჩემს ოჯახშიც, მაგრამ ჩემს შვილებს ყოველთვის სიყვარულით და მიტევებით განვაწყობ აფხაზების მიმართ. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ერთად ყოფნისა. ამ გზაზე დიდი მიტევებით, ძველი სიყვარულით და ახალი შეთანხმებებით უნდა ვიაროთ.

აფხაზეთი საქართველოა და საქართველო აფხაზეთისაა! ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.