“აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი” – რუსეთ – უკრაინის ომის 476-ე დღე

96
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 476-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა.

ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან მის ქვეშ, შეიძლება, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.

„სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.

ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსმა სამხედროებმა 10 ირანული დრონით “Shahed-136/131” იერიში განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 9 დრონი განადგურებულია. ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქის ტერიტორიიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ჯარმა გაუშვა საჰაერო ბაზირების ექვსი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ოთხი ბომბდამშენიდან Ту-22М3.

„უკრაინის საჰაერო ძალების საშუალებებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ღამის იერიშის დროს განადგურებულია 12 საჰაერო მიზანი: სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი” და ცხრა ირანული დამრტყმელი დრონი Shahed-136/131″, – ნათქვამია განცხადებაში.

ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება “, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.