
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი პროცესების დაფინანსება ამ პროცესების თანამონაწილეობას ნიშნავს.
მაჭარაშვილის თქმით, იმ სავარაუდო დანაშაულის დამფინანსებელი, რასაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰქვია, სულ მცირე, უნდა გამოიკითხოს.
„ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესები ანტისახელმწიფოებრივი იყო და არც მალავენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესებია, რომ ბლოკირება და სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი იყოს. როცა ამ პროცესს აფინანსებ, ამ პროცესების თანამონაწილე ხარ. დეტალებში ვერ შევალ, პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ რაც ჩანს, ზუსტად ეს არის, რომ დამფინანსებელი იმ სავარაუდო დანაშაულის, რასაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰქვია, სულ მცირე, უნდა გამოიკითხოს და არასწორი პროცესების დაფინანსება არ უნდა მოხდეს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.
პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.