საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს.
ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.
„მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია საქართველოსთან უკრაინის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრუტალურმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის – ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.
მთელი ცხოვრება განმავლობაში მემახსოვრება ქართველი მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვანი, შემართება და შეუპოვრობა, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ მისცა თავშესაფარი, უზიარებდა ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის ყოფნისა და განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყო“, – წერს კასიანოვი.
კასიანოვი მშვიდობას და წარმატებას უსურვებს საქართველოს.
„საქართველოდან მივდივარ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი.