” ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა” – პაპუაშვილი

77
spot_img

პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა, ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა – დღეს ხელისუფლებაში არის თაობა, რომელიც 90-იან წლებში ბავშვები იყვნენ და რომლებმაც გამოცადეს ომის სიმწარე, ქალბატონი სალომე მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმიტომ საუბრობს ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც პასუხისმგებლობა გაიაზრონ.

„ნაკლებად ვისურვებდი მისი პოზიციებისა და შეხედულებების შეფასებას, ის პრეზიდენტია. თუმცა არის საკითხი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. ის ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა. ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა, რაშიც რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებთ. საუბარი იმაზე, რომ ომი თეორიული რისკია, რეალობისგან შორის დგას. დღეს ხელისუფლებაში არის ის თაობა, რომელიც 90-იან წლებში ბავშვები იყვნენ და რომლებმაც გამოცადეს ომის სიმწარე. ქალბატონი სალომე მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში იყო. შეიძლება საქართველოს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ 90-იანი წლების სირთულე მას არ გადაუტანია. არც უშუქობა აქვს გამოცდილი და არც ის დაძაბული სტრესული ფონი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში იყო. ამ ყველაფერმა ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვხია. რთულია დღევანდელი გადასახედიდან შეაფასო, იმ პერიოდის მთავრობას რისი თავიდან არიდება შეეძლო, ან რისი არა. ვგულისხმობ როგორც 90-იან, ასევე 2000-იან წლებს. ერთი რამ ცხადია – ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც რამდენიმე ომი გამოგვატარეს… საქართველოს ომში ჩართვას ყველა ჯერზე პროვოკაციებით ახერხებდნენ. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ადვილად ავყვებოდით ხოლმე ემოციებს, უნდა ვეცადოთ, მოვთოკოთ გრძნობები და ვიმოქმედოთ ცივი გონებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ინტერვიუში უპასუხა ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს, რომ „თუ ნამდვილად გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“. მისი თქმით, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ქართველებთან ერთად არავინ იბრძოლებს და „მარტონი ვიქნებით“.

„სინამდვილეში ჩვენ დასავლელ მეგობრებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს 2008 წელს და ახლა მათ ყველანაირად უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ასეთი რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ამ მიდგომას არ იზიარებს ოპოზიცია. გარწმუნებთ, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ჩვენთან ერთად აქ არავინ იბრძოლებს, ჩვენ მარტონი ვიქნებით. ვუყურებთ უკრაინას და ვხედავთ, რომ არავინ იბრძვის უკრაინელი ხალხის გვერდით, ან მათ ნაცვლად. მაქსიმუმი, რაც შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს, იარაღის მიწოდებაა. კი, აწვდიან იარაღს, მაგრამ უკრაინის მიწაზე მხოლოდ უკრაინელების სისხლი იღვრება. შესაბამისად, თუ რაიმეს უნდა აკეთებდნენ დღეს ოპოზიციონერი ლიდერები, ექსპერტები და არასამთავრობოები, დასავლელ პარტნიორებს უნდა არწმუნებდნენ, რომ საქართველო ომის რისკის წინაშე არ დააყენონ. 2008 წელს დასავლეთს არათუ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია და სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, გადატვირთვის პოლიტიკა და სტრატეგიული მილსადენების პროექტების განხორციელება დაიწყეს მასთან ერთად. სანქციები დაუწესეს საქართველოს! ნაცვლად იმისა, ჩვენი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება დაეწყოთ, იარაღის ყიდვის უფლება ჩამოგვართვეს! შავ სიაში შეგვიყვანეს! მერე, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ნელ-ნელა გაიხსნა იარაღის ყიდვის შესაძლებლობა. ეს აღარ უნდა განმეორდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.