ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია – სერგეი ლავროვი

256
JPG resized with https://ezgif.com/resize
spot_img

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსული მხარე დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ ქვეყნები უნდა ხელმძღვანელობდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებით.

„თუ ინტერესები არ ემთხვევა, აუცილებელია ურთიერთობების რეგულირება და სამხედრო ესკალაციის პროვოცირების თავიდან აცილება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ეს იყო ძალიან სასარგებლო საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინეთ, არამედ გავიგეთ ერთმანეთის. ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ პრიორიტეტად ორ ქვეყანას შორის ელჩების სწრაფი დამტკიცება დაასახელა. მან ასევე მოუწოდა „ბარიერების მოხსნისკენ“, რომლებიც, მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა და სერიოზულად ართულებს რუსეთისა და აშშ-ის საელჩოების მუშაობას.

მეორე საკითხად ლავროვმა „უკრაინული მიმართულება“ დაასახელა. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ უნდა დაასახელოს, ვინ იქნება ვაშინგტონის წარმომადგენელი ამ პროცესში.

„როგორც კი გავიგებთ სახელს, ჩვენც განვსაზღვრავთ ჩვენს მონაწილეს“, – განაცხადა მან.

მესამე შეთანხმება შეეხება რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის სრულ აღდგენას „უკრაინაში კრიზისის დარეგულირების პარალელურად“. ეს, ლავროვის განმარტებით, მოიცავს „გეოპოლიტიკური პრობლემების“ მოგვარებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.