“ამერიკის ხმა”დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

8
spot_img

„ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

„მსოფლიოს ბევრ ნაწილში გაქრა ობიექტური ახალი ამბების მიწოდების უმნიშვნელოვანესი წყარო და ამ სიცარიელეს მხოლოდ ცენზურის ქვეშ მყოფი სახელმწიფო მედია შეავსებს“, – აღნიშნულია ჟურნალისტების განცხადებაში.

ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დირექტორმა, კლეიტონ ვაიმერსმა განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა კრემლი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, ხმამაღლა მიესალმებიან „ამერიკის ხმის“ სიკვდილს.

ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლება“) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.