“ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: USAID-ის აღსასრული მალე დადგება”-The New York Times

0
spot_img

დონალდ ტრამპი წყვეტს აშშ-ის დახმარებას საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და „იუესაიდის“ (USAID) – საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – ლიკვიდაციას გეგმავს. „იუესაიდი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, ამჟამად კი მისი ვებ-გვერდის ბევრი სეგმენტი უმოქმედოა ან დახურული. ჩინოვნიკები შოკირებულები არიან: სააგენტოს გაუქმება რუსეთისათვის დიდი საჩუქარი იქნება“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: „იუესაიდის“ აღსასრული მალე დადგება“ (ავტორები – კარუნ დემირჭიანი, შირა ფრენკელი, მაიკლ ქროული).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შაბათს, პირველ თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდი მიუწვდომელი იყო, შემდეგ კი ნაწილობრივ გაიხსნა და გამოქვეყნდა განცხადება, რომ სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო მისი კონტროლისა და მართვის უფლება მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.

აშშ-ის კონგრესის დემოკრატი წევრები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჯერ კიდევ პარასკევიდან ელოდნენ დონალდ ტრამპის ბრძანებულებას USAID-ის დახურვის თაობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უცხო სახელმწიფოების დახმარების მიმართ – დონალდ ტრამპის აზრით, ის, რომ ამერიკა „იუესადის“ მეშვეობით ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულ დოლარებს საზღვარგარეთ გზავნის, ეწინააღმდეგება მის პროგრამას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

შაბათს, იმის გამო, რომ  ვაშინგტონში, USAID-ის შტაბ-ბინაში ზოგიერთი აბრა ჩამოიხსნა, გავრცელდა ხმები, რომ სხვადასხვა ქვეყნების პროგრამების ხელმძღვანელებს უკან, აშშ-ში აბრუნებენ, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით ვერ მოხერხდა.

როგორც USAID-ის ორმა თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვით შეგვატყობინა, ისინი იძულებულნი არიან შიშისა და გაურკვევლობის ატმოსფეროში იმუშაონ. ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ გასული კვირის დასაწყისში სააგენტოს თანამშრომელთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზოგიერთმა წყარომ, რომლებიც სააგენტოს მუშაობის პერსპექტივაში მეტ-ნაკლებად გარკვეულები არიან, განაცხადა, რომ პროგრამების შეკვეცა-გაუქმებაში დიდი როლი სეასრულა პიტ მაროკომ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკმა, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს რამდენიმე თანამდებარე მუშაობდა.

USAID-ის სამმა თანამშრომელმა, ასევე ანონიმურობის დაცვით, კონფიდენციალურად განაცხადეს, რომ მათი ელექტრონული ფოსტის აქაუნთებზე „ხელოვნური ინტელექტის“ პროგრამა Gemini იქნა დაყენებული, რამაც ეჭვი გამოიწვია იმისა, რომ საქმეში ილონ მასკის სამსახურია ჩართული: იგი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ხარჯების შემცირებით არის დაკავებული. როგორც ჩანს, ილონ მასკის სამსახური „იუესაიდის“ თანამშრომლების საქმიანობას აკონტროლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ კითხვებს, თუ რა მიზნები აქვთ და რა მოხდება სამომავლოდ, არ უპასუხეს. დემოკრატი-კანონმდებლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები ეჭვობენ, რომ მარკო რუბიოს უწყების მიზანს, დიდი ალბათობით, საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ დახმარების მრავალი პროგრამის დახურვა წარმოადგენს. დემოკრატების თქმით, „იუესაიდს“ წინ ბნელი პერსპექტივა ელოდება და, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ მალე ფინალი დაუდგება, ანუ საერთოდ დაიხურება.

„ყველა ნიშნის მიხედვით, დიდი ეჭვია, რომ ასე მოხდება: უფროს ხელმძღვანელთა შემადგენლობა შვებულებებში გაუშვეს. ბევრი თანამშრომელი შტან-ბინაში და ადგილებზე გააფრთხილეს, რომ არსად არაფერი არ თქვან და ხელწერილები დააწერინეს“, – განაცხადა შაბათს ინტერვიუში სენატორმა-დემოკრატმა კრის ქუნსმა დელავერის შტატიდან, რომელიც სენატის კომისიის წევრია საერთაშორისო დახმარების მიზნით ასიგნებათა საკითხებში., – ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სააგენტოს დახურვის პირველ ეტაპს, ვიდრე მის რეფორმირებას ან უბრალოდ, სახელის შეცვლას“.

„იუესაიდი“ 1961 წელს შეიქმნა. მართალია, უწყება მითითებებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია უცხო სახელმწიფოების ჯანდაცვის სფეროს დახმარება, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდირება, სიღარიბესთან ბრძოლა და სხვა მრავალი. ის დახმარება, რომელსაც „იუესაიდი“ ანაწილებდა საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ „იუსაიდის“ ხაზით უცხოეთის ქვეყნების დახმარების ყველა პროგრამა შეჩერებულიაო, თუმცა მოგვიანებით გამონაკლისი გააკეთა სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებებზე.

კანონმდებლების აზრით, დონალდ ტრამპს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მან „იუსაიდი“ თავისი ბრძანებულებით, ცალმხრივად დახუროს, რადგან უწყება კონგრესის მიერ არის შექმნილი და მის ბიუჯეტს ცალკეულ პროექტებზე კონგრესი ამტკიცებს. მკითხველებს შევახსენებთ, რომ ფედერალური მთავრობის დაფინანსება, „იუესაიდის“ ჩათვლით, 14 მარტამდე გაგრძელდება.

„დონალდ ტრამპს არ დააკმაყოფილებს უწყების უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა, პროგრამების დახურვა და პერსონალის შემცირება. იგი სააგენტოს სრულ ლიკვიდაციას გეგმავს“, – ამბობს სენატორი დემოკრატი კრის მერფი კონეკტიკუტის შტატიდან, – „მაგრამ უწყების დახურვა უკანონობა იქნება. პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად ფედერალური სააგენტოს  ლიკვიდირება მოახდინოს. ასეთი გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება“.

კანონმდებლებმა ასევე აცხადებენ, რომ USAIDის საქმიანობის გაურკვეველი ვადით შეზღუდვა-შემცირებით ისარგებლებენ როგორც ჩინეთი, რუსეთი და ირანი, ასევე აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეები და არაკეთილმსურველები, რომლებსაც საზღვარგარეთის ქვეყნების სახით ხელში სტრატეგიული პლაცდარმები ჩაუვარდებათ. ბუნებრივია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი ზიანს მიაყენებს აშშ-ის უსაფრთხოებას.

„USAID-ის – იმ ორგანიზაციის გაუქმებით, რომელიც ადამიანებს შიმშილის თავიდან აცილებაში ეხმარება, ებრძვის ექსტრემიზმს და ამერიკული ექსპორტის ბაზარს აფართოებს, ამერიკელებისათვის საფრთხე და მუქარები გაიზრდება. „იუესაიდის“ ლიკვიდაცია ნამდვილი საჩუქარი იქნება ჩინეთისა და რუსეთისათვის“, – განაცხადა შაბათს სოციალურ ქსელში სენატორმა-დემოკრატმა ემი კლობუშარმა მინესოტას შტატიდან.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: