,,ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან” – სალომე ზურაბიშვილი

4
spot_img

ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა.

„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა, გაფართოება. ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე, შემდეგ კი იმაზე, რომ არის ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაძლიერდეს. შავ ზღვაზე დღევანდელი „ქართული ოცნება“ აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული.

ასევე, როცა ლაპარაკია, რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა ისეთი გამოწვევა არსებობდეს დღეს, რომელიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.

„ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭო, რომელიც ჩატარდება ალბათ ივნისში, დღის წესრიგში უშუალოდ ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი. მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ, დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.