“ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია” – გივი მიქანაძე

21
spot_img

ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია – ოპოზიციის რეალური მიზანი პროცესის დაზიანება და ხელის შეშლაა, – აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის განცხადებით, როცა ოპოზიცია გაკოტრებულია, მისი ამოცანა საბოტაჟია.

„როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაზიანებაზე იმუშაოს, მას კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს.

ამის არაერთი პრეცედენტია – მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მივიღეთ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე დღემდე არჩეული არა გვყავს. იმის მიუხედავად, რომ ეუთო-ოდირმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინდელ ადმინისტრაციას მაღალი შეფასება მისცა, მოახლოებული არჩევნების წინ ცესკოს ადმინისტრაცია ჯერაც დაუკომპლექტებელია. ამ სიტუაციაში ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ ოპოზიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ნეიტრალური, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანის არჩევის შესაძლებლობა არ მოგცეს, რადგან მისი რეალური მიზანი პროცესის დაზიანებაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს და სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს, როცა სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვს.

“როცა სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა, ერთადერთი რაც მათ გააკეთეს, ევროკავშირისკენ წინსვლის პროცესის საბოტაჟი იყო. ახლა როცა სამოქმედო გეგმა არსებობს, რაღაც ფორმატში შესვლას ითხოვენ. ყველაზე მთავარი ფორმატი არის საპარლამენტო საქმიანობა – პარლამენტის კომიტეტები და პლენარული სხდომები, რაც არის იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები განვიხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

როდესაც ვხედავთ, რომ ერთ დღეს ერთ აზრზე არიან, ხოლო მეორე დღეს – მეორე აზრზე არიან, ეს არის მანიშნებელი, რომ მათი მიზანი საქმის კეთება არ არის. მიზანია ის, რომ ყველგან რაღაც მიმართულება ეძებონ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა მიქანაძემ.