ამ მოწვევის ევროპარლამენტში აშკარად არის ბევრი ისეთი ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპულმა საზოგადოებამ აირჩია და მხარს უჭერს სიმართლეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ის ხალხი ხედავს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა ეროვნული დროშის ქვეშ ტრადიციების მიმართულება და სუვერენიტეტის დაცვა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამერიკელი ხალხის მსგავსად, ევროპულმა საზოგადოებამ ევროპარლამენტის არჩევნებშიც უმეტესად აირჩია ის ევროპარლამენტარები, რომლებიც პროცესებს სწორად აფასებენ.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ახლა ვინმე თუ იზოლაციაში მოექცა, ეს არის სწორედ ევროკავშირის თანამდებობის პირთა უდიდესი ნაწილი.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან. შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ მართლები ვიყავით, თუნდაც იმის გამო, რომ ევროპარლამენტარებს დააპატიმრებდნენ ხოლმე კორუფციის გამო. ეს კორუფცია გამოიხატებოდა სწორედ იმაში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ძალა ურიცხავდათ თანხებს, რათა სხვადასხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ, უსამართლო განცხადებები გაეკეთებინათ. ახლაც იგივე გრძელდება, მართალია, უკვე იმდენი ძალა აღარ აქვთ და შეიძლება ითქვას, ძალა საერთოდაც აღარ აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო საცეცებს ჯერ კიდევ ამუშავებენ, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ყველა კარგად ვხედავთ, რომ, ევროპული ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილზეა. კვირაში ერთხელ მაინც ქვეყნდება საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება. აღარაფერს ვამბობ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზებზე. ევროპარლამენტარებს, გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ ან ზეწოლას ახორციელებენ, სხვა მიზანი არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, საქართველოში ნამყოფი არც იყოს. ევროპარლამენტში ვინც გამოდის, შეიძლება დაიბნეს და მსოფლიო რუკაზე საქართველო ვერც იპოვოს. „დიფ სთეითის“, რომელსაც ტრამპი ამერიკაში ამთავრებს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით, საცეცები ჯერ კიდევ არსებობს, რაც ძალიან მალე შემცირდება.
ევროპარლამენტის ამ მოწვევაში აშკარად არის ძალიან ბევრი ისეთი ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპულმა საზოგადოებამ აირჩია და მხარს უჭერს სიმართლეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ის ხალხი ხედავს, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა ეროვნული დროშის ქვეშ ტრადიციების მიმართულება და სუვერენიტეტის დაცვა. ევროპარლამენტის ამ მოწვევაში აშკარად მეტია ევროპარლემენტარი, რომელიც აკეთებს სწორ და სამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და ესეც ზუსტად მიუთითებს, რომ, ამერიკელი ხალხის მსგავსად, ევროპულმა საზოგადოებამ ევროპარლამენტის არჩევნებშიც ისეთი ხალხი შეუშვა უმეტესად, რომელიც პროცესებს სწორად აფასებს. ახლა ვინმე თუ იზოლაციაში მოექცა, სამწუხაროდ, ეს სწორედ ევროკავშირი და მისი თანამდებობის პირების უდიდესი ნაწილია. იზოლაციაში მოექცა სწორედ იმიტომ, რომ, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დგას მშვიდობის მხარეს, მაშინ როდესაც ევროკავშირი და მისი თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ომს უკრაინაში. ამავდროულად, ევროპლამენტართა განცხადება, რომლებიც ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, რაზეც უკვე თავად სააკაშვილის მომხრეებსაც აღარ აქვთ პრეტენზია, ზუსტად ნიშნავს, რომ უკვე სხვა დღის წესრიგი აღარ აქვს ამ ევროპარლამენტარს და ფული აქვს აღებული. შესაბამისად, იძულებულია, ასეთი განცხადებები გააკეთოს. ამის დრო წავიდა. ენას ძვალი არ აქვს და ამ ხალხს, როგორც ჩანს, ფული უყვარს. ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ უსამართლო განცხადებას აკეთებენ, არ არიან პროევროპელები, უბრალოდ ფული უყვართ, ფულს აძლევენ, არის ზეწოლა და აკეთებენ ასეთ ანტიქართულ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.