საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის წევრს თამარ ჩარკვიანს უპასუხა, რომ „კარვების კანონში” ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იგეგმება. „მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”. – უთხრა თალაკვაძემ ჩარკვიანს. მანამდე ამავე პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანმა თქვა, რომ სწორი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვებსა და ლეიბებს ითხოვდა. „როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა?“, – თქვა ჩარკვიანმა და ამ კანონს „რუსული კანონი 2“ უწოდა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. „კარვების კანონს” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.